იგორ გიორგაძე: ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს, ის მოკლულია და მკვლელის ვინაობა რამდენიმე პირისთვის ცნობილია!

მიმდინარე წლის მიწურულს, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს ფუძემდებლის, რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების იდუმალებით მოცული გარემოებების გამოძიების ვადა ხანდაზმულობის გამო ამოიწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილის გამომწვევი მიზეზები ქართველი ხალხისთვის სამუდამოდ ბუნდოვანი დარჩება.  „ასავალდასავალის“  ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფი ჟურნალისტ გიგლა გობეჩიასთან ერთად, სახელმწიფოს პარალელურად აგრძელებს პრეზიდენტის სიკვდილის გარემოებების ჟურნალისტურ გამოძიებას, ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ თუნდაც ერთი გარემოება, რომელიც აქამდე ოფიციალური გამოძიებისთვის ცნობილი არ იყო და გამოძიებას სწორ კვალზე დააყენებს, რაც საფუძველი გახდება, რათა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის იდუმალებით მოცული გარდაცვალების საქმე პროკურატურის მტვრიან თაროზე არ შემოიდოს.

ოფიციალური ვერსიის თანახმად, სიკვდილის მომენტში ზვიად გამსახურდიას სამი ადამიანი ახლდა. სამივე ამჟამად, უცხოეთშია გადახვეწილი. გარდაცვლილები არიან ავთანდილ იოსელიანი, შოთა კვირაია და გია გულუაიმ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, რომლებიც დევნილ პრეზიდენტს კვალში ედგნენ. გარდაცვლილია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამომძიებელი საპარლამენტო   კომისიის ხელმძღვანელი მიხეილ ოსაძე, რომელიც ზღვა ინფორმაციას ფლობდა. ასეთ ვითარებაში გამოძიების ობიექტურად დასრულების პერსპექტივა არ იკვეთება, თუმცა

არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც პრეზიდენტის სიკვდილის დეტალები იცის, მაგრამ მას სამშობლოში დაბრუნების საშუალება არ აქვს, რადგან უკვე 28 წელია, პოლიტიკური დევნილია, ოღონდ უპრეცედენტო მოვლენა ხდებაამ ხნის განმავლობაში მის მიმართ სასამართლო განაჩენი არ არსებობსის საერთოდ აღარ ეკონტაქტება ქართულ მედიას, მაგრამ მაინც შევეცადე, მოსკოვში დავურეკე და ვთხოვევიდრე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე პროკურატურის თაროზე სამუდამოდ შემოიდება, თქვენთვის ცნობილი გარემოებების შესახებ მიამბეთ მეთქი. შეეძლო, უარი ეთქვა და ამის გამო პასუხს ვერავინ მოკითხავდა, მაგრამ ამ ისტორიულად მნიშვნელოვანი  საკითხის მიმართ უდიდესი სახელმწიფოებრივი  მიდგომა გამოიჩინა და გულახდილ საუბარზე დამთანხმდა.

ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს! იგი მოკლეს და მკვლელის ვინაობა რამდენიმე პირისთვის ცნობილია!“ – ამ დამაფიქრებელი სიტყვებით დაიწყო ჩემთან საუბარი საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, პოლიტიკური პარტიასამართლიანობისლიდერმა, ორგანიზაციასაქართველო საზღვარგარეთდამაარსებელმა, გენერალ-ლეიტენანტმა

იგორ გიორგაძემ:

 

 – საქართველოს თავს დატრიალებული იმ ავადსახსენებელი მოვლენების თაობაზე საუბარს მინდა ვუწინამძღვრო მცირე განმარტება, ჩემი თხოვნაა, სიტყვასიტყვით დაბეჭდოთ:

1985 წლიდან აქტიურ ფაზაში შევიდა აშშ მიერ 1945 წელს დამუშავებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის დაშლას დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და რუსეთის სათავეში იმ ძალების მოყვანას, რომლებიც მათთვის სასურველ პოლიტიკას გაატარებდნენ. რუსეთს გარშემორტყმულ რესპუბლიკებშიც, ცხადია, მარიონეტული რეჟიმები უნდა დამკვიდრებულიყო.

 საბჭოთა კავშირის სათავეში გორბაჩოვის, იაკოვლევის, შევარდნაძის და სხვა მათი თანაგუნდელების მოყვანიდან 6 წლის თავზე საბჭოთა კავშირი დაიშალა და დაიწყო ამერიკის გეგმის მიხედვით როგორც რუსეთის, ისე მოკავშირე რესპუბლიკებისპრივატიზაცია.“ იმ ეტაპზე ამერიკელები თავიანთ ყველაზე დიდ გამარჯვებად რუსეთის სათავეში ელცინის დასმას თვლიდნენ.

საქართველოში კი, მათ არ გაუმართლათ!  

  ზვიად გამსახურდია აშშ გადმოსახედიდან ზედმეტად ეროვნული პოლიტიკის გამტარებელი აღმოჩნდა, თანაც, რაც მთავარია, ამერიკელების წინასწარ შემუშავებული გეგმა საქართველოს ხელისუფლების სათავეში შევარდნაძის მოყვანას ითვალისწინებდა. ამ გეგმის თანახმად, საქართველო წინა აზიაში ამერიკელების ყველაზე სანდო პარტნიორი უნდა გამხდარიყო, სადაც რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ძლიერი სამხედრო ბაზები განთავსდებოდა, რომელიც რეგიონში რუსეთის შემაოკებელი ფაქტორი იქნებოდა.

აშშის მაშინდელ ხელმძღვანელობას ამ ამოცანის განსახორციელებლად არ სჭირდებოდა მათი მხრიდან მოუთვინიერებელი და შესაბამისად, მათთვის არაპროგნოზირებადი, ეროვნული პოლიტიკის გამტარებელი ქართველი ლიდერი, ზვიად გამსახურდია, სწორედ ამიტომ, ამერიკელებმა სახელდახელოდ, ელცინის დახმარებით საქართველოში მოახდინეს შეიარაღებული გადატრიალება, რის შედეგადაც, ხალხის მიერ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი კანონგარეშედ, უკანონოდ გამოაცხადეს.

ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნული ამერიკული გეგმა ბოლომდე მიიყვანა და თავის მონამორჩილებს ზვიად გამსახურდია მოაკვლევინა!  

  • ბატონო იგორ, დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დამთანხმდით. ჩემდა თავად, მინდა მკითხველს ამ ინტერვიუს დასაწყისშივე გადავცე ჩემი პირადი შთაბეჭდილება, რომ საქართველოში თქვენი პიროვნების გარშემო შექმნილი არაჯანსაღი ატმოსფეროს მიუხედავად, ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს გვერდი არ აუარეთ და ყოველმხრივ ცდილობთ, სიცხადე შეიტანოთ საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკული ეპიზოდისთვის ნათელის მოფენაში.

 

  • დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი, რომ სრულყოფილად და ობიექტურად იქნას გამოძიებული საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის მკვლელობა! ვერ შეგპირდებით, რომ ჩემი ნაამბობი ამ ტრაგედიის გასახსნელ გასაღებად იქცევა, თუმცა მზად ვარ ვუპასუხო ყველაზე მწვავე შეკითხვებს, რომელიც ამ ბურუსით მოცულ ისტორიაში პირადად ჩემს როლს ეხება. შეიძლება, ფართო საზოგადოებამ არ იცის, რომ მე გახლვართ სამთავრობო კომისიის ის ერთადერთი წევრი, რომელმაც „თვითმკვლელობის შესახებ“ კომისიის დასკვნას ხელი არ მოაწერა და ის ფაქტი, რომ დღეს პოლიტიკური დევნილი გახლვართ, შესაძლოა, მნიშვნელოვანწილად, ჩემი მაშინდელი საქციელით იყოს განპირობებული!

 

  • ამ საკითხს ჩვენი საუბრის პროცესში დავუბრუნდებით, მაგრამ დავიწყოთ სულ თავიდანრა ვითარებაში დაიწყო კანონიერი პრეზიდენტის დევნის ოპერაცია, რომელიც, როგორც მეუბნებით, თვითმკვლელობით კი არა, მისი მკვლელობით  დასრულდა?

 

  • საქართველოში 1991-1992 წლის დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო შეიარაღებული გადატრიალებიდან ზუსტად 2 თვეში მოსკოვიდან საქართველოში ჩამოიყვანეს ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც აეროპორტში მოწყობილ სახელდახელო მიტინგზე ტრაპიდან მიწაზე ფეხის დადგმისთანავე დამხვედრებს მიულოცა სახელმწიფო შეიარაღებული გადატრიალების გზით კანონიერი ხელისუფლების დამხობა, რასაც „სახალხო რევოლუცია უწოდა.“ რამდენიმე დღეში შეიქმნა სახელმწიფო საბჭო, რომლის თავმჯდომარეც შევარდნაძე გახდა.

იმავე დღეებში ტელევიზიით გამოცხადდა, რომ დასავლეთ საქართველოში მოქმედებენ „უკანონო შეიარაღებული ბანდიტური ფორმირებები,“ რომლებიც ექვემდებარებოდნენ „სახელმწიფო დამნაშავე“ ზვიად გამსახურდიას. ფაქტობრივად, გვარდიის ის ნაწილი, რომელიც მანამდე კანონიერ მთავარსარდალს, ზვიად გამსახურდიას ექვემდებარებოდა – კანონგარეშედ გამოაცხადეს. ყველა სამართალდამცავი ორგანოს (უშიშროების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს) თანამშრომლის მიმართ გაიცა ბრძანება, რომლის თანახმად ისინი ვალდებულებები იყვნენ, განეიარაღებინათ „ბანდფორმირებები“ და დაეპატიმრებინათ ზვიად გამსახურდია.

 

  • განიხილეს თუ არა რაიმე გეგმა, რომლის მიხედვითაც ძალოვნებს ერთმანეთთან კოორდინაციის ფარგლებში უნდა ემოქმედათ?

 

  • არანაირი „ერთიანი გეგმა“ არ შემუშავებულა. შევარდნაძემ ცალ-ცალკე გამოიძახა უშიშროების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები და ეს მიზანი დაუსახა.

 

  • თქვენ ამ მომენტისთვის, რა თანამდებობა გეკავათ?

 

  • უშიშროების სისტემას იმ პერიოდში ანზორ მაისურაძე ხელმძღვანელობდა. მე უშიშროების სამინისტროდან 1992 წლის… თუ არ ვცდები, თებერვლიდან წამოვედი და 1993 წლის ოქტომბრამდე ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროს ჯერ ე.წ. ოპერატიული სამმართველოს უფროსად, შემდეგ კი, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, თუმცა, ამ პერიოდშიც ვიღწვოდი საქართველოში პროფესიონალური უშიშროების სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად და  უკვე მყავდა ჩემს მიერ მომზადებული, კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული ქვედანაყოფი „ალფა.“ მხოლოდდამხოლოდ ამის გამო,  შევარდნაძემ საჭიროდ ჩათვალა,  შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებასა და ზვიად გამსახურდიას დაპატიმრებაში მეც მიმეღო მონაწილეობა.

 

 

  • კონკრეტულად, ძალოვანი სტრუქტურების რომელი ხელმძღვანელები იყვნენ ამ ამოცანის შესრულებაში ჩართულნი?

 

  • შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩართულნი იყვნენ ცალკე – შს მინისტრი შოთა კვირია; ცალკე გია გულუას რაზმი. თუ არ ვცდები, იმ პერიოდში გია გულუა შინაგან საქმეთა სამინისტროში სატრანსპორტო სამმართველოს ედგა სათავეში და ჰყავდა თავისი რაზმი. ჩემი და გია გულუას ურთიერთობაზე და მის ტრაგიკულ დაღუპვის თაობაზე შემდეგში ვისაუბროთ. დღემდე ნაკლებად ცნობილია, რომ იმ პერიოდში, თუ საქართველოში ვინმე გავლენიანი არსებობდა, ვისაც სამეგრელოში სანათესაო ჰყავდა და ინფორმაციებზე ხელი მიუწვდებოდა, უკლებლივ ყველა ცდილობდა შევარდნაძისთვის ეამებინა და ისინიც მუშაობდნენ ზვიად გამსახურდიას ადგილსამყოფელის გამოსავლენად. გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში გადატრიალების შემდეგ დიდხანს იყო ამ მოვლენის გამოძახილი, იყო ქაოსი და არეულობა, ამას ერთვოდა აფხაზეთის ტრაგედია. თანაც, სახელმწიფო ჩამოყალიბებული არ იყო, არ არსებობდა არანაირი ანალიტიკური ცენტრი, სადაც თავს მოიყრიდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ არსებობდა ერთიანი შტაბი, საიდანაც განხორციელდებოდა წინასწარ შედგენილი რაიმე გეგმა. არც რაიმე კონკრეტული გეგმა არსებობდა, გარდა შევარდნაძის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების განიარაღების და ზვიად გამსახურდიას დაპატიმრების ზეპირი დავალებისა… შევარდნაძეს ამ სიტუაციაში ეჩქარებოდა ზვიად გამსახურდიას განეიტრალება, რათა კანონიერი ხელისუფლების და პრეზიდენტის მხრიდან ხელისშემშლელი გარემოებებისგან გათავისუფლებულიყო. აი, ასეთ ვითარებაში მიმდინარეობდა ზვიად გამსახურდიას დევნა. ყველა ინფორმაცია მხოლოდ შევარდნაძისთვის იყო ცნობილი, ოღონდ იგი ამ ინფორმაციებს უმალავდა იმ ხელმძღვანელებსაც, რომლებიც ჩართული თავად ჰყავდა დევნის ოპერაციაში. იყო ენების მიტან-მოტანა, შევარდნაძე კი ინტრიგებს ხლართავდა.                                                 მხოლოდ შევარდნაძემ იცოდა, რას აკეთებდა ვთქვათ, კვირაია ან გულუა, მათ კი, ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდათ. სტრუქტურების ხელმძღვანელები მოქმედებდნენ ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით და მოსწრებაზე იყვნენ, შევარდნაძეს პირველი ვინ ჩააბარებდა დასახული ამოცანის შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს! ამ სიტუაციაში ჩემი უპირატესობა ის გახლდათ, რომ როგორც საქართველოს რესპუბლიკის კონტრდაზვერვის ყოფილ უფროსს (ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში ჩემი თანამდებობა), მქონდა საშუალება იმ პროფესიონალებზე დაყრდნობისა, რომლებიც შექმნილ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად კარგად ერკვეოდნენ, თუმცა მე არასოდეს მიმუშავია ე.წ. მეხუთე ხაზით, რაც დისიდენტების და ეროვნული მოძრაობის ლიდერების «დამუშავება-გადაბირებას» გულისხმობდა. ჩემი სფერო გახლდათ უცხო სპეცსამსახურების ძირგამომთხრელ საქმიანობასთან და ტერორისტებთან ბრძოლა. ამ ფაქტორების გამო მოვხვდი შევარდნაძის თვალთახედვაში.

 

  • ყველაზე მეტად, ვინ აქტიურობდა ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციაში?

 

 

    • ყველაზე აქტიურად, ამ საქმეში ჩართული იყო მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო. მინისტრი შოთა კვირაია თავად წარმოშობით სამეგრელოს კუთხიდან იყო, სამეგრელოში ჰყავდა ფართო სანათესავო და საახლობლო წრეები და ინფორმაციებზე ყველაზე უკეთ მიუწვდებოდა ხელი. მის რაზმში იყვნენ როგორც ძველი, ისე ახალბედა თანამშრომლებიც. იგივე ითქმის გია გულუას რაზმზეც, ვისაც სამეგრელოში თავისი აგენტურა ჰყავდა. დევნაში მონაწილეობდნენ ჯაბა იოსელიანის ხალხი და მხედრიონის ადგილობრივი დაჯგუფებებიც.

 

  • იმ ეტაპზე არსებობდა თუ არა ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის მიზნით რაიმე ოფიციალური ან ზეპირი ბრძანება თუ დავალება?

 

  • არა. შევარდნაძის ჩემთან ურთიერთობის ფარგლებში საუბარი იყო მხოლოდ დაპატიმრებაზე, თუმცა ეს მხოლოდ ჩემთან… მე ხომ არ ვესწრებოდი შევარდნაძის შეხვედრებს, ვთვათ, კვირაიასთან ან სხვა სტრუქტურის ხელმძღვანელებთან! შესაბამისად, არ ვიცი, რა დავალებას მისცემდა რომელიმე მათგანს. დაბეჯითებით გეუბნებით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე არ მსმენია, ჩატარებულიყოს რაიმე ოფიციალური თათბირი.

 

  • ზვიად გამსახურდია გადის ტყეში და იწყება ლოკაციიდან ლოკაციამდე მისი გადაადგილებები. ამ პერიოდში პირადად თქვენთვის ცნობილი ხდებოდა თუ არა, მისი ადგილსამყოფელის შესახებ?

 

  • რადგან არ არსებობდა ერთიანი გეგმა, ერთიანი საინფორმაციო ცენტრი, სადაც ინფორმაციების გაცვლას ექნებოდა ადგილი, შემიძლია მხოლოდ იმაზე გესაუბროთ, როგორ მოქმედებდა ჩემი ჯგუფი „ალფა,“ რომელიც, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შექმნის შემდეგ გაიზარდა და დაიხვეწა. მქონდა გაცემული მითითება, რომ „ალფას“ წევრებს არ განეხორციელებინათ არანაირი ძალისმიერი ღონისძიება, არამედ, მხოლოდ დაზვერვა! მაგალითად, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამა და ამ სოფელში გადაადგილდებოდა 6-7 უცხო პირი, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა პატივისცემით ეგებებოდა. ჩემი რაზმი ღამით იწყებდა დაზვერვით მუშაობას, შეხვედრებს და ინფორმაციების შეკრებას, იმ ოპერმაშუკების მეშვეობით, ვისაც ლოკაციაზე თავისი აგენტურა, ნათესავები ან ნაცნობები ჰყავდა. დღისით მხოლოდ შორიდან ვუთვალთვალებდით მოვლენებს. გულახდილად გეტყვით, რომ პირდაპირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზვიად გამსახურდია ამა და ამ დროს, ამა და ამ ოჯახში იმყოფებოდა – ჩვენს ჯგუფს არასოდეს არ მიუღია!

 

  • მაგრამ ცნობილია ერთი ეპიზოდი, როდესაც დევნილი პრეზიდენტი თქვენს ჯგუფს ალყაში ჰყავდა და შევარდნაძისგან მიიღეთ მისი ლიკვიდაციის მითითება.

 

  • გაზვიადებულია, რომ ჩემს ჯგუფს პრეზიდენტი „ალყაში ჰყავდა“ მოქცეული. ფოთში ვიმყოფებოდი, როდესაც მივიღე ინფორმაცია, რომლის თანახმად, ზვიად გამსახურდია და მისი თანმხლები პირები 2-3 კონკრეტული სოფლის მიდამოში გადაადგილდებოდნენ, თითქმის ყოველდღიურად იცვლიდნენ სამყოფელს. იმისთვის, რომ პირადად დამეზუსტებინა აღნიშნული ინფორმაცია და იმავდეოულად, ოპერაციის ჩატარების მომენტში უნებურად არ შევჯახებოდით იმავე რეგიონში დისლოცირებულ სხვა ჯგუფებს – მე ე.წ. „ვე-ჩეს“ ხაზით დავურეკე შევარდნაძეს და ვუთხარი, რომ მიახლოვებით ვიცი ზვიად გამსახურდიას სამყოფელი და არ გამოვრიცხავ 2-3 დღის განმავლობაში მისი დაკავება და თბილისში ჩამოყვანა მოვახერხო მეთქი.

 

  • რა გიპასუხათ?

 

  • „ჰმ, თბილისში, ჩემთან მოგყავს? პურმარილიც ხომ არ დაგახვედროთ-ო!“ ყურადღება მიაქციეთ მრავლობით ფორმას – „დაგახვედროთ…“ შევარდნაძეს საუბრის თავისებური, ირონიული მანერა ჰქონდა. ხშირად მთავარ სათქმელს ქვეტექსტებით გამოხატავდა.

 

  • ამ შემთხვევაში, რა ქვეტექსტი დაიჭირეთ?

 

  • მისი მოკლე რეპლიკა ჩემთვის სიტყვა-სიტყვით ნიშნავდა შემდეგს: „შენ თუ კონტრდაზვერვის უფროსი იყავი, ამჟამად კი, უშიშროების სტრუქტურას ხელმძღვანელობ… ნუთუ, ვერ ხვდები, რას მთავაზობ? გინდა, კანონიერად არჩეული პრეზიდენტი თბილისში ჩამოიყვანო ჩემთან, იმ კაცთან, ვინც ხელისუფლებაში შეიარაღებული გადატრიალების გზით მოვედი და წარმოვადგენ საქართველოს ხელისუფლების უზურპატორს… ვერ ხვდები ეს რას ნიშნავს?“

 

დაზუსტების მიზნით, ერთი წუთით უნდა დავუშვათ, რა მოხდებოდა, დაპატიმრებული კანონიერი პრეზიდენტი მართლაც რომ  ჩამეყვანა თბილისში, შევარდნაძესთან, რომელსაც გულშემატკივრობდა თუნდაც გერმანია ან ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია!  დავუშვათ, მას ციხეში ჩაესვა გამსახურდია – ეს მისთვის იქნებოდა მორალური და პოლიტიკური კრახი!

 

  • რა მოიმოქმედეთ ამ რთულ სიტუაციაში?

 

– შევარდნაძესთან მოკლე საუბრის დასრულებისთანავე, რაციით დავუკავშირდი სპეცრაზმის ჯგუფის მეთაურს – სასწრაფოდ მოხსენით რაზმი ზემო სამეგრელოს რეგიონიდან და ფოთის შტაბში ჩამოდით, იქიდან კი, თბილისში ვბრუნდებით მეთქი!

«ალფას» ბიჭები ფოთში რომ ჩამოვიდნენ, განაწყენებულები მიყურებდნენ…  მათი განაწყენება ჩემთვის გასაგები იყო. ზაზა, დამეთანხმები, რომ სამეგრელოს სოფლებში მოსახლეობას უცხო კაცის გამოჩენა ვერ გამოეპარება და, ამიტომაც, როგორც მოგახსენე, რაზმი მოქმედებდა ძალზე ფარულად, ანუ, მათი გადაადგილება ხდებოდა მხოლოდ ღამით. ჯგუფის თითოეულმა წევრმა დიდი ფიზიკური, მორალური და ფსიქოლოგიური დატვირთვა მიიღო ამ ურთულესი ოპერაციის პროცესში და, იმ დროს, როდესაც მათ იგრძნეს ოპერაციის დასასრულის მოახლოვება, გაიაზრეს, რომ ურთულესი დავალება თითქმის შესრულებულია, მათი უფროსი ეუბნება, სასწრაფოდ მიატოვეთ იქაურობა და შტაბში დაბრუნდითო…  როდესაც რაზმი ფოთში დაბრუნდა და უკლებლივ ყველა „ალფელის“ თვალებში დავინახე მდუმარე, სიძულვილამდე მისული განაწყენება ჩემს მიმართ, რაზმს ხმამაღლა მივმართე:

-მე არ მინდა, საქართველოს ისტორიაში შევიდე, როგორც პირველი პრეზიდენტის მკვლელი! იქნებ, რომელიმეს გსურთ, ისტორიაში ზვიად გამსახურდიას მკვლელის სახელით შესვლა?!

– რა შუაშია პრეზიდენტის მკვლელობა? – გაისმა ერთ-ერთი რაზმელის შეკითხვა.

-იმ შუაშია, რომ მე მქონდა საუბარი შევარდნაძესთან და მან არაორაზროვნად მიმახვედრა, რომ ცოცხალი გამსახურდია თბილისში არ სჭირდება!“ – მივუგე მე. ჩემთან მეტი შეკითხვა ჩემს ხელქვეითებს არ ჰქონიათ.

 

  • შევარდნაძე თავის მხრივ, ალბათ მიხვდა თქვენი საქციელის ქვეტექსტს. რა გითხრათ, როცა თბილისში დაბრუნებული გნახათ?

 

  • ჩამოვედი და ჩამოვედი! შემეკითხა და ვუპასუხე, რომ გაშიფვრის საფრთხის გამო სპეცრაზმ „ალფას“ იქ ყოფნა მიზანშეუწონლად ჩავთვალე. სხვათა შორის, იმ მოვლენების გარდა, რაც ზვიად გამსახურდიას დევნას უკავშირდებოდა, მოვლენები პარალელურად, მწვავედ ვითარდებოდა ზუგდიდში, ასევე აფხაზეთში – სოხუმის დაცემის თანამდევი მოვლენები; მე ვმონაწილეობდი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ნაწილის ჭუბერიდან გაცილებაში… სამეგრელოში მოხდა ადმირალ ბალტინის  დანაყოფის შემოსვლა… ასეთ სიტუაციაში, შევარდნაძეს არ ეცალა იმაში გასარკვევად, რომ მის დავალებას ზურგი ვაქციე, გულში კი, ღრმად ჩაიხვია. 1993 წლის ოქტომბერში უშიშროების მინისტრად დანიშვნის შემდეგ, ნოემბერ-დეკემბერში ამერიკელებმა მიმიწვიეს საქართველოს სახელმწიფო  უშიშროების სამსახურსა და აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს შორის თანამშრომლობის საკითხზე…

 

  • ფოთში თქვენი ყოფნის დროს ჟონავდა თუ არა ინფორმაციები ზვიად გამსახურდიას უშუალო გარემოცვიდან, ანუ, ამალიდან?  

 

  • არა. პირდაპირ გეტყვით – მაგ პერიოდში, მე და ჩემმა რაზმმა თანმხლები პირების არც რაოდენობა, არც ვინაობა და არც ზუსტი ადგილსამყოფელი არ ვიცოდით.

 

  • გსმენიათ თუ არა უშიშროების ოფიცერის, გია მხეიძის შესახებ, რომელიც პრეზიდენტის დევნის უკანასკნელ ეტაპზე ჯერ აქტიურად იკვლევდა ზვიად გამსახურდიას ადგილსამყოფელს, ხოლო შემდეგ გარდაცვლილი პრეზიდენტის საფლავის მდებარეობას?

 

  • თუ ეს კაცი აფხაზეთში მსახურობდა, უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი მოადგილის, ავთანდილ იოსელიანის დაქვემდებარებაში, რადგან იოსელიანი თავის დროზე აფხაზეთის უშიშროების უფროსი ბრძანდებოდა. აქვე გეტყვით, რომ ვიდრე მე მინისტრი გავხდებოდი, ხოლო ავთანდილი ჩემს მოადგილედ დაინიშნებოდა, იგი თავად იყო ჩართული დევნილი პრეზიდენტის ძებნის ოპერაციაში. მე პირადად, ვერ ვიხსენებ გია მხეიძეს. ეს ნუ გაგიკვირდებათ, ვინაიდან საქართველოში რამდენიმე ათასი თანამშრომელი იყო, რომელთა ვინაობის სრულად დამახსოვრება უბრალოდ შეუძლებელია.

 

  • თქვენ ფოთიდან ბრუნდებით თბილისში და ძალიან მალე გებულობთ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შესახებ?

 

  • რას ბრძანებთ! არავითარ შემთხვევაში! იმ მომენტიდან,  როცა ჩემი მითითებით „ალფამ“ დატოვა სამეგრელო,  პრეზიდენტის გარდაცვალებამდე, ანუ, დეკემბრის მიწურულამდე 2 თვეზე მეტიც გავიდა! დეკემბერში მე და დათო ბაზღაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში  მივლინებაში ვიყავით, ამერიკაში ჩემი მივლინების შესახებ  არსებობს ოფიციალური დოკუმენტაცია. ეს ამბავი კი, დაბრუნების შემდეგ შევიტყე. იმ პირველად ჩართვას თუ არ ვიგულისხმებთ, რაც სოხუმის დაცემის (1993 წლის 27 სექტემბერი) შემდეგ ხდება, ფაქტობრივად, მე ზვიად გამსახურდიას დევნაში მონაწილეობა არც მიმიღია!

 

  • პირადად თქვენ, ვისგან და რა ვითარებაში შეიტყეთ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის ინფორმაცია?

 

  • მე გავიგე ჩემი პირველი მოადგილის, ავთო იოსელიანისგან. ის თავიდანვე ჩართული იყო და აგრძელებდა იმ ძველი დავალების შესრულებას, რომელიც უშიშროების სამსახურმა მიიღო შევარდნაძისგან, მინისტრად ჩემს დანიშვნამდე! აქვე გაგიმხელთ ერთ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოებამ არ იცის: შევარდნაძემ მინისტრად თავდაპირველად დანიშნა ავთანდილ იოსელიანი! იოსელიანმა პურ-მარილიც კი გააწყო ოჯახში ამის აღსანიშნავად, თუმცა მეორე დილით, შევარდნაძემ გადაწყვეტილება შეცვალა და მინისტრად დამნიშნა მე, ხოლო ავთანდილ იოსელიანი ჩემს პირველ მოადგილედ!

 

  • რაზე მიგვანიშნებთ? თქვენს შორის შუღლის დათესვა სურდა?

 

  • იოსელიანი კურირებდა აფხაზეთის უშიშროებას, იქიდან გადმოსულ თანამშრომლებს. ამასთან, არაოფიციალურად, პირდაპირ შევარდნაძეს ემორჩილებოდა, ანუ როცა შევარდნაძისგან რაიმე დავალებას იღებდა, თავს ვალდებულად არ თვლიდა, ჩემთვის მოეხსენებინა. 1994 წელი ახალი დამდგარი იყო, როცა დამირეკა და მითხრა, რომ შევარდნაძის დავალებით თავის ჯგუფთან ერთად მიდის სამეგრელოში, რადგან ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა. ჩემგან წასვლის ნებართვა კი არ უთხოვია, ფაქტობრივად, მხოლოდ საქმის კურსში ჩამაყენა, ვინაიდან შევარდნაძემ ეს დავალება მას მისცა!

 

  • შემდეგ რა ხდება?

 

  • როცა იოსელიანი თბილისში დაბრუნდა, ჩამოიტანა ზვიად გამსახურდიას ცხედარის ფოტო. როგორც კი დავხედე, მაშინვე ვუთხარი, ეს თვითმკვლელობა არ არის, არამედ მკვლელობაა მეთქი!

 

  • რაზე დაყრდნობით გამოიტანეთ ასეთი დასკვნა?

 

  • გინახავთ „სტეჩკინის“ სისტემის პისტოლეტი? მას „მაკაროვზე“ დაახლოებით, ორჯერ გრძელი ლულა აქვს! ის გამოიყენებოდა როგორც მოკლელულიანი ავტომატი.  „სტეჩკინით“ არის ნასროლი, ცხედარს შემავალი ჭრილობა აქვს მარჯვენა საფეთქელთან, ხოლო გამავალი – მარცხენა ყბაში! საქმე იმაშია, რომ წარმოუდგენელია პოზა, რომელშიც ადამიანი თვითმკვლელობის მიზნით ამ იარაღიდან ასეთი ტრაექტორიით გაისვრის! ამის მიხვედრას სულაც არ სჭირდება ტრასოლოგიური ექსპერტიზა, ერთი დანახვითაც ცხადია! ჩემთვის ნათელია, რომ ეს არის მკვლელობა, კაცი, რომელმაც ეს შეასრულა, ზვიად გამსახურდიას თავს ედგა, ესროლა საფეთქელში და ტყვია საპირისპირო მხარეს, ყბაში  გავიდა!

 

  • როგორი იყო ავთანდილ იოსელიანის რეაქცია, როდესაც თქვენ უთხარით, რომ ეს თვითმკვლელობა კი არა, მკვლელობა იყო?

 

  • არ მიგრძვნია, რომ მან იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობს. ეს იყო უფროსის და მისი მოადგილის შინაურული დიალოგი და როცა თვითმკვლელობის შესახებ მის ნაამბობს არ დავეთანხმე, კამათი არ დაუწყია. იქვე ვუთხარი, ასეა თუ ისე, ექსპერტიზა აუცილებლად უნდა ჩატარდეს და ამის შესახებ შევარდნაძეს ვეტყვი მეთქი. – რა თქმა უნდა, ექსპერტიზის გარეშე როგორ შეიძლებაო – მიპასუხა.

 

  • არ დაგრჩენიათ შთაბეჭდილება, რომ მისი შესრულებული იყო ლიკვიდაციის ოპერაცია?

 

  • არა. მასთან ყოველთვის კარგი პირადი ურთიერთობა მქონდა. ერთხანს სამტრედიაში, ჩემს სახლშიც კი ცხოვრობდა ბებიაჩემთან ერთად, რადგან იმ პერიოდში იქ ბინა არ ჰქონდა და ბებიაჩემი საკუთარი შვილიშვილივით უვლიდა. ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა, შევარდნაძის საქციელმა, როცა ის ჯერ უშიშროების უფროსად დანიშნა და მეორე დილით, უწყება მე ჩამაბარა, ხოლო იოსელიანი პირველ მოადგილედ გამიმწესა – ჩვენს შორის გარკვეული განხეთქილება მართლაც მოიტანა. ღმერთმა აცხონოს, მაგრამ აშკარად ჩემს წინააღმდეგ მუშაობდა. მას ძალიან უნდოდა, შევარდნაძისთვის ეამებინა, მიეტანა გამსახურდიას სამყოფელის შესახებ ინფორმაცია და მისთვის ერთგულება დაემტკიცებინა… თუმცა, ნამდვილად ვერ დავაბრალებ იმას, რომ პრეზიდენტი მისი მოკლულია. ვფიქრობ, პირველ ეტაპზე ისიც არ იცოდა, მკვლელობა ვინ შეასრულა და ეს შემდეგ შეიტყო.

 

  • თქვენთვის ცნობილია მკვლელების ვინაობა?

 

 

  • დიახ, ცნობილია!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

(გაგრძელება იქნება)

 

 იგორ გიორგაძე: ვიცი, ჩახმახს თითი ვინც გამოჰკრა!

 

(გაგრძელება) 

 

2009-2011 წლებში პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დროებითმა სპეციალურმა კომისიამ იმუშავა, რომელსაც დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია ხელმძღვანელობდა. კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მიმართავდა მთავარ პროკურატურასსათანადო რეაგირებამოეხდინა საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეზე გამოვლენილახალ ფაქტებსა და გარემოებებზე“.

გამსახურდიას ოჯახმა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2014 წელს მთავრობას საქმის გამოძიების დასრულების თხოვნით მიმართა. წერილში გამსახურდიები აღნიშნავდნენ, რომ ყოფილმა მმართველმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამარ გამოავლინა პოლიტიკური ნება, რომ მსვლელობა მისცემოდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებათა გამოძიებას და საქმის დასრულებას. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წელს საქმე გადააკვალიფიცირა და გამოძიებაგანზრახ მკვლელობისმუხლით დაიწყო, თუმცა, გამოძიება წინ არც ამჯერად წასულა და დღემდე კონკრეტულად არაფერია გარკვეული.

მიმდინარე წლის დეკემბერში კი, იწურება საბოლოო ვადა, რომელშიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ფუძემდებლის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დღემდე იდუმალებით მოცემული გარემოებების გამოძიება უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ხანდაზმულობის გამო სამუდამოდ დაიხურება და პროკურატურის თაროზე შემოიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი თაობები ვერასოდეს შეიტყობენ, ვინ და რა მოტივაციით მოკლა პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია!

  უშიშროების ყოფილ მინისტრთან, გენერალლეიტენანტ იგორ გიორგაძესთან ჩვენი გაზეთის წინა ნომერში დაბეჭდილმა ინტერვიუს პირველმა ნაწილმა მკითხველთა დიდი ინტერესი და გამოხმაურებები გამოიწვია. იგორ გიორგაძე სამშობლოდან პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფება და ქართულ მედიასთან, რომელიც მის მიმართ ცილისწამების მაღალი ხარისხით გამოირჩევა, კომუნიკაცია გაწყვეტილი აქვს, თუმცა, მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა გამოამჟღავნა, გამონაკლისი დაუშვა და დაუყოვნებლივ დამთანხმდა სატელეფონო ინტერვიუზე, როგორც კი შეიტყო, რომ საუბარი ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებს უნდა შეხებოდა. მკითხველს ეხსომება, ინტერვიუს პირველი ნაწილი დასრულდა იგორ გიორგაძის განცხადებით, რომ მისთვის ცნობილია ზვიად გამსახურდიას მკვლელის ვინაობა და საუბარს ზუსტად ამ ეპიზოდიდან ვაგრძელებთ, რომელზეც მაშინ შევჩერდით:

 

“31 დეკემბერს, ღამით, დაახლოებით 2 საათზე გავიგონე გასროლის ხმა (მე და ჩემს მეუღლეს პირველ სართულზე გვეძინა). ვიფიქრე, “შკაფი“”ხომ არ დაეცამეთქი. უცებ ზემოდან შემომესმა ყვირილი, – კარლო ბიძია, პრეზიდენტმა თავი მოიკლაო. მაშინვე მაღლა ავვარდი. დავინახე, რომ სამივებესო გუგუშვილი, ბაჩუკი გვანცელაძე და რობინზონ მარგველანიკედელს თავს ურტყამდა. ოთახში მხოლოდ ერთი ლამპა და სანთელი ენთო. ბიჭებმა მთხოვეს, გააპატიოსნეო, მაგრამ ცუდად გავხდი, მერე, როგორც იქნა, მივედი მიცვალებულთან და გავაპატიოსნე. ტყვიის მასრა მაშინვე იპოვეს, თუმცა რომელმა აიღო, არ მახსოვს. ტყვიის გულას მოძებნა ვერ შეძლეს. პრეზიდენტის ხელში იარაღი არ შემინიშნავს“,

ასე იხსენებდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის უკანასკნელი მასპინძელი, ხიბულელი კარლო ღურწკაია 1993 წლის 31 დეკემბრის ღამის ტრაგიკულ მოვლენას.“

 

–        ბატონო იგორ, თქვენთვის ცნობილია მკვლელების ვინაობა?

– დიახ, ცნობილია! ზვიად გამსახურდიას დაღუპვის ინფორმაციის მომწოდებელი გამოცდილი ოპერატიული მუშაკი იყო, მის მიერვე მოპოვებული ინფორმაცია ტექნიკურადაც გაამყარა აუდიო ჩანაწერით, რაც მაძლევს საშუალებას, თქვენს კითხვაზე დაბეჯითებით გიპასუხოთ. სამწუხაროდ, საქართველოდან ჩემი იძულებით გამგზავრების შემდეგ ამ ინფორმაციის და აუდიო ჩანაწერის ბედ-იღბალი ჩემთვის უცნობია. თანაც, მოგეხსენებათ, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება პირველ რიგში არქივში იქექება და, ღმერთმა უწყის, ვინ და რა პირობებში ჩაიგდო ეს მასალები ხელში. ამას გარდა, მე სხვა პიროვნებებისგანაც მივიღე უფრო დეტალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, თუმცა არც თავდაპირველი და არც მეორე ინფორმაციის ჩემთვის მომწოდებლები ამჟამად ცოცხლები აღარ არიან. ამიტომ, საქართველოსთვის ისტორიულად ასეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე „ამან თქვა, იმან თქვა“ -ს   დონეზე ვერ ვისაუბრებ. ჩემგან არასერიოზული იქნება, ასეთი მნიშვნელობის ინფორმაციის წყაროდ გარდაცვლილი ადამიანები დავასახელო, რომლებიც ჩემს ნათქვამს ვერ დაადასტურებენ.

 – არადა, გამოძიებისთვის ამას ფასდაუდებელი მნიშვნელობა ექნებოდა

– ზაზა, 1995 წლიდან ჯერ ინტერპოლით მეძებდნენ. 2016 წელს ინტერპოლმა  მომხსნა ძებნიდან, როგორც კი დეტალურად გაეცნენ ჩემს საქმეს, რადგან ჩემს მიმართ პოლიტიკურ დევნაში დარწმუნდნენ. რათა ერთხელ და სამუდამოდ გამერკვია, რას მედავებიან საქართველოს მმართველები, შევარდნაძით დაწყებული და დღევანდელი ხელისუფლებით დამთავრებული – 8 წლის წინ საკუთარი ინიციატივით მივაღწიე, რომ ჩემი საქმე სასამართლოს განეხილა.

8 წლის განმავლობაში ჩემს მიმართ განაჩენი არ დამდგარა! არ ვსაუბრობ გამამართლებელ განაჩენზე! მაგრამ, ვერც გამამტყუნებელი გამოაქვთ!  მაპატიეთ, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, არ მაქვს იმედი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება ობიექტურ დასასრულამდე მივა! შედეგი ვერ დადგება, რადგან მოსამართლეების, ასევე, უშიშროების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის გამომძიებლების მნიშვნელოვანი ნაწილი წინა ხელისუფლების პირობებშიც მოღვაწეობდნენ და მათ ხელში მოხვედრილი ნებისმიერი მასალა შეიძლება გაყალბდეს! ამასთან ერთად, მე დღემდე ვერ ვხედავ საკმარის პოლიტიკურ ნებას…

  • თქვენს გარდა, მკვლელის ვინაობა ვინ შეიძლება იცოდეს?

– ჩემს გარდა, მინიმუმ, ოთხმა ადამიანმა იცის, მაგალითად, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა ბესარიონ გუგუშვილმა, რომელიც ახლა ფინეთში ცხოვრობს. 99 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მან სიმართლე იცის! მაგრამ, როგორც ვგებულობ, დღემდე ირწმუნება, რომ ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა! მე ვერ გამოვდგები ამ ინფორმაციის საპირწონედ, რადგან როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩემი ინფორმაციის წყაროები ცოცხლები აღარ არიან და მათ ვეღარ დავეყრდნობი! ამის მიუხედავად, იმედს ბოლომდე არ გადავიწურავ – შეიძლება კიდევ არსებობდეს რაიმე კვალი, შეიძლება, იმ ადამიანებმა, ვინც ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შესახებ შემატყობინეს, რაღაც ხელჩასაჭიდი დატოვეს კიდეც… მოსკოვში ჩემთან სტუმრად სხვადასხვა დროს   იმყოფებოდნენ დროებითი სპეციალური კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია და ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებათა საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე,    მიხეილ ოსაძე, რომელმაც თავის დროზე საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა. გავიარეთ ყველა დეტალი, ვიდეოჩანაწერიც გავაკეთეთ, დაბრუნდა თბილისში, გამოაქვეყნა ანგარიში, მაგრამ შედეგი არ დამდგარა.

თანაც, მიხეილ ოსაძე მალევე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ცოცხლები აღარ არიან გია გულუა და ავთანდილ იოსელიანი. ეს რამეზე ხომ არ მიგვანიშნებს?

–  დიახ, მიხეილ ოსაძე 67 წლის ასაკში, ხოლო ავთანდილ იოსელიანი 57 წლის ასაკში გარდაიცვალნენ, როცა საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილი იყო. არ მინდა, მათი გარდაცვალება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მათთვის ცნობილ ინფორმაციებს დავუკავშირო, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე, რადგან მათი გარდაცვალების მიზეზი ხანდაზმულობა ნამდვილად არ ყოფილა. რაც შეეხება გია გულუას, ის  38 წლის ასაკში, 1994 წლის 20 აპრილს, ორ თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საკუთარ სახლთან რამდენიმე შეირაღებულმა პირმა ჩაცხრილა. ეს ცალკე ისტორიაა.

მე და გია გულუა „თბილისის ომის“ პერიოდში დავახლოვდით. გია გულუა შევარდნაძის ფავორიტი იყო და კვირაია მას შინაგან მინისტრის პოსტზე კონკურენტად მოიაზრებდა. გია გულუა არც „მხედრიონს“ ეხატებოდა გულზე. უკვე უშიშროების მინისტრი ვიყავი, როცა გია გულუა ვიხმე და ვუთხარი – ფრთხილად იყავი, შენს გარშემო შექმნილი სიტუაცია არ მომწონს მეთქი. – მაგას მეც ვხვდები და თუ რამე დამემართება, შვილებს მიმიხედეო. აქედან ერთი თვეც არ გასულა და, გია გულუა ჩაცხრილეს. ამჟამად ჩემამდე აღწევს ინფორმაციები, რომ გია გულუას საზოგადოების ნაწილი ზვიად გამსახურდიას მკვლელად მიიჩნევს, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, მისი ლიკვიდაცია არ უნდა უკავშირდებოდეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის კვალის მიჩქმალვას. გია გულუა ნამდვილად ძალიან აქტიურად მონაწილეობდა დევნილი ზვიად გამსახურდიას ძებნაში, მეტსაც გეტყვით – ყველაზე სწორი ოპერატიული ინფორმაციები პრეზიდენტის სამყოფელის შესახებ მას გააჩნდა! მაგრამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობას გია გულუას ვერ დავაბრალებ!

 

2009 წლის 13 ნოემბერს, ანუ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საკუთარ სახლში მეუღლესთან ერთად კლავენ  კანონიერი ხელისუფლების უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს,    გენერალმაიორ თამაზ ნინუას. ეს  ხომ არ არის დაკავშირებული ზვიად გამსახურდიას მკვლელობის კვალის მიჩქმალვასთან? 

– მე და თამაზ ნინუა მეგობრები ვიყავით. ის მე-7 სამსახურს ხელმძღვანელობდა, მე მე-2-ს. როდესაც გადატრიალებА ხდებოდა, ვინაიდან უშიშროების შენობას ცეცხლი ეკიდა, ჩვენ გადავედით სადგურის მიდამოებში, უშიშროების სატრანსპორტო სამმართველოს განყოფილების შენობაში და იქ ერთად ვიყავით. თამაზ ნინუა მაშინ უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბრძანდებოდა. გადატრიალების დროს, მან დაიჭირა ნეიტრალური პოზიცია, რაშიც დიდი წვლილი მიგვიძღვის მე და უშიშროების კიდევ ორ თანამშრომელს. პოზიცია იყო ასეთი – ჩვენ არ ვართ ჯარი, არ ვართ პოლიცია, ჩვენ არ გვყავს სამხედრო ქვედანაყოფები, არ შეიძლება, უშიშროება კანონიერ პრეზიდენტს იარაღით ან ინფორმაციებით დაუპირისპირდეს! უშიშროება არ არის კრიმინალური დაჯგუფება,  არამედ ტრადიციების მქონე სამსახურია და თუ ჩარევა და დახმარება არ შეგვიძლია, მტრად მაინც არ უნდა გავუხდეთ ხელისუფლებას! გულახდილად გეტყვით, არ მომწონდა, როდესაც თამაზ ნინუა ემალებოდა, თავს არიდებდა ზარებზე პასუხს, როდესაც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მას ბუნკერიდან დახმარების თხოვნით უკავშირდებოდა – უთხარით, რომ არ ვარ ადგილზეო – ავალებდა თანამშრომლებს, რათა მისგან რაიმე დავალება არ მიეღო… აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბუნკერში მყოფმა ზვიად გამსახურდიამ უშიშროების ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის უფროსის,  ალექსანდრე (საშა) მაისურაძის მეშვეობით, რომელიც პრეზიდენტს აქტიურად ეხმარებოდა გამოვიდა ჩემზე და მითხრა – პრეზიდენტი გიბარებსო. ვუპასუხე – ბუნკერში არ შევალ თქო, სამაგიეროდ, მთავრობის სახლში შეხვედრაზე დავთანხმდი. შევედი ალყაშემორტყმულ მთავრობის კანცელარიაში, სადაც შევხვდი მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილს, რომელიც ახლა ფინეთში იმყოფება, მასთან ერთად იყო არმაზ სანებლიძე.  მათ გადმომცეს პრეზიდენტის თხოვნა.

 – რა გთხოვეს?

– ვიდრე ამას მოგახსენებთ, მინდა, მკითხველმა გაიაზროს ჩემი მდგომარეობა – მიბარებს პრეზიდენტი, რომელმაც ცოტათი ადრე ვიღაცის ენის მიტანის საფუძველზე „კრემლის აგენტების შავ სიაში“ ჩამწერა!  რაც შეეხება პრეზიდენტის თხოვნას, რომელიც ბესარიონ გუგუშვილმა გადმომცა, იყო ძალზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო: მე ფოთში (სადაც ადრე უშიშროების უფროსად ვმუშაობდი) უნდა დავხვედროდი რუმინეთიდან მომავალ გემს, რომელიც კანონიერი ხელისუფლების შესყიდული საბრძოლო იარაღით იყო დატვირთული! უყოყმანოდ ვუპასუხე, რომ თხოვნა მიღებულია და შესასრულებლად. მეორე დღესვე ჩემს რაზმთან ერთად, ფოთისკენ გავეშურე, მაგრამ ამაოდ – გემის კაპიტანს შეუტყვია, რომ საქართველოს დედაქალაქში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და იარაღი, რაც მას ხელისუფლებისთვის მოაქვს, შესაძლოა ხელში ჩავარდნოდა ზვიად გამსახურდიას მტრებს. ამიტომ, მარშრუტი შეცვალა და გემი ფოთის ნაცვლად ბათუმში შეიყვანა. ამიტომ გზიდან უკან მოვბრუნდიТ. ბათუმში ნამდვილად ვერ შევაღწევდი – იქაურობას რუსეთის დივიზია და ასლან აბაშიძის შეიარაღებული ჯგუფები იცავდნენ, ანუ, ისე გამოვიდა, რომ ეს იარაღი დარჩა ასლან აბაშიძეს, რომელმაც ჯაბა იოსელიანს გაუნახევრა  ტვირთი და სწორედ ამ რუმინული ავტომატებით დარბოდნენ მაშინ მხედრიონელები.

კეთილი. დავუბრუნდეთ მთავარ თემას  რა ხდება მას შემდეგ, რაც ავთო იოსელიანს პრეზიდენტის თვითმკვლელობის ინფორმაცია და ცხედრის ფოტო ჩამოაქვს? 

– როგორც იტყვიან ხოლმე, სახელდახელოთ იქმნება ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამომძიებელი სამთავრობო კომისია. მისი თავმჯდომარე გახლდათ მაშინდელი ვიცე-პრემიერი ავთანდილ მარგიანი, კომისიის წევრები, როგორც მე მახსოვს, იყვნენ გენერალური პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სასაზღვრო ჯარების უფროსი  და სხვები – ამ კომისიის შემადგენლობა, რომელშიც მეც შემიყვანეს, არ არის გასაიდუმლოებული და ფართო საზოგადოების წინაშე ამოწევა არ უნდა იყოს პრობლემა. სხდომაზე ითქვა, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა და კომისიის წევრებს ეს „დასკვნა“ სათითაოდ წარუდგინეს, შესაბამისად, ყველამ მოაწერა ხელი, მაგრამ როდესაც ჩემი ჯერი დადგა, კომისიის თავმჯდომარეს მივმართე:  – ბატონო ავთანდილ! (ვმეგობრობდით, მაგრამ ოფიციალურ სიტუაციაში თქვენობით ვსაუბრობდით) – უნდა მაპატიოთ, მაგრამ მე ამ დასკვნას ხელს არ ვაწერ, მეტიც – მოვითხოვ საერთაშორისო დონის ექსპერტიზას, რადგან ექსპერტიზის დასკვნის გარეშე პრეზიდენტის ცხედრის მიწისთვის მიბარება დაუშვებელია მეთქი! მარგიანმა იქვე აიღო ყურმილი და შევარდნაძეს დაურეკა – ჩვენი პატივცემული ბატონი იგორ გიორგაძე ხელს არ აწერსო.  – ვიცი გიორგაძის პოზიციაო – მიუგო შევარდნაძემ.

საიდან იცოდა?

– ვიდრე ეს კომისია შედგებოდა, მანამდე შევარდნაძეს ჯერ დავურეკე, მერე კიდეც შევხვდი. მაშინ ვუთხარი, ბატონო ედუარდ, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია, თუ ასე არ მოხდება, თქვენ დაგბრალდებათ, ისტორიაში სამუდამოდ შეხვალთ, როგორც პრეზიდენტის მკვლელი მეთქი. ეს ვუთხარი იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის ლიკვიდაციის ირიბი მითითება პირადად მე მომცა. თურმე მას ისიც გათვლილი აქვს, რომ ეს მკვლელობა მე დამბრალდეს, მერე კი ალბათ, მეც მომიშორებდნენ და შევარდნაძე გმირად შევიდოდა ისტორიაში.

მერე, ხალხი დაიჯერებდა ამას?

– რა თქმა უნდა! მე თუ არა, აბა, სხვას კიდევ, ვის შეეძლო მოეკლა ზვიად გამსახურდია?! გიორგაძე… მოსკოვი… კრემლი… სპეცდანიშნულების რაზმი „ალფა…“  ავღანეთში გიორგაძის ჩატარებული სპეცოპერაციები – აბა, ვინ არ დაიჯერებს, ხედავთ, როგორი მყარი ჯაჭვი იკვრება? შევარდნაძე იტყოდა, რომ სურდა, კანონის ძალით დაეპატიმრებინა გამსახურდია, მაგრამ გიორგაძემ კრემლის დავალებით დაასწრო და დაპატიმრების ნაცვლად მოკლა! მერე ალბათ, მეც ჩამცხრილავდნენ და ხელს ზვიად გამსახურდიას მომხრე, ტყეში გაჭრილ რაზმებს შეაწმენდნენ. აქვე უნდა გითხრათ, რომ კაკო ელიავა ზესტაფონში დახვრიტეს პირადად შევარდნაძის მითითებით!

ახლა რად გაგახსენდათ ელიავას დახვრეტის ამბავი?

– შევარდნაძემ აკაკი ელიავას ჩემი ლიკვიდაცია დაავალა, რაც მან არ შეუსრულა! მე გავუშიფრე შევარდნაძეს ეს ვერაგული ჩანაფიქრი, როცა ერთმა ჩემმა თანამშრომელმა,  რომელიც ადრე აფხაზეთის უშიშროებაში მუშაობდა, გადმომცა კაკო ელიავასთან მისი დიალოგის ფარული ჩანაწერი. თვითონ ესაუბრებოდა თან ფარულად იწერდა. ელიავა ეუბნებოდა – „იგორ გიორგაძე რა მაგარი ტიპია, როცა უშიშროების მინისტრად მუშაობდა, მე ტყეში ვიყავი გასული… მან კაბინეტში დამიბარა და მითხრა, შენთან მოლაპარაკება მინდა, ტყიდან უნდა გამოხვიდე და ცოტა ხნით ციხეში ჩაჯდე, მერე კი თავისუფალი იქნები. ამ შეთავაზებას თუ არ დათანხმდები, ჩემს კაბინეტში არ დაგაპატიმრებ და ციხეში არ ჩაგაგდებ, როგორც მოხვედი, ისე თავისუფლად გაგიშვებ, შენს ბანაკშიო.“ მართალს ამბობდა კაკო. ეს ის პერიოდია, როდესაც ტყეში გაჭრილი ზვიადისტური შეიარაღებული რაზმები ტყიდან გამოგვყავდა, მარტო ელიავა კი არა, გურიაში სოსო ჟღენტიც  ასე შემოვირიგეთ.

მოკლედ, კაკო ელიავა აგრძელებს საუბარს ჩემს თანამშრომელთან და ეუბნება: ასეთი რაინდული საქციელის გამო იგორ გიორგაძეს მადლობა იმით გადავუხადე, რომ  შევარდნაძის დავალება არ შევასრულეო. თანამშრომელი, რომელიც მის საუბარს ფარულად იწერს, ეუბნება – აშკარად იგონებ, ასე არ იქნებოდაო!  – სიმართლეს ვამბობ, შოთა კვირაიამ გამომიძახა და მითხრა: ამა და ამ დღეს იგორ გიორგაძე ამა და ამ მატარებლის სპეც. ვაგონით ფოთში მიემგზავრება და შესაძლებლობა გექნება, შენი რაზმის დახმარებით ის გაანადგუროო. მართლაც, კვირაიას მიწოდებული ინფორმაცია სინმდვილეს შეესაბამებოდა.

ელიავას კვირაიასთვის მიუგია – უშუალოდ შევარდნაძემ დამავალოს და მერე მივხედავ მაგ საქმესო. როგორც ფარულ ჩანაწერში ელიავა ყვება, კვირაიას იგი მართლაც მიუყვანია შევარდნაძესთან. მას კი თავის მხრივ, ელიავასთვის უთქვამს – ვიცი, რის გამოც ხარ მოსული, რასაც შოთა კვირაია გეტყვის, ყველაფერი ჩემთან არის შეთანხმებულიო!

აი, ეს იყო მიზეზი! ელიავა ხომ, შევარდნაძემ დასავლეთ საქართველოში შინაგანი ჯარების უფროსად დანიშნა. იცით, ეს სწორედ ის დღე იყო, როდესაც ელიავამ ჩემთან კაბინეტში შემორიგების წინადადებაზე უარი თქვა – „არ გეწყინოთ, ბატონო იგორ, ჩემს ტყეში მირჩევნიაო“ და მე, დათქმისამებრ, კაბინეტიდან ხელუხლებლად გავუშვი… სენაკამდე ჩასული არ იყო, რომ ტელევიზიამ გამოაცხადა: შევარდნაძის ბრძანებით აკაკი ელიავას პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა და შინაგანი ჯარების უფროსად დაინიშნაო. ხედავთ, როგორ მართავდა მოვლენებს?! მე ციხეში ჩაჯდომა შემათავაზებინა და თავად კი ეუბნება – ჩვენი კაცი ხარო!

შევარდნაძემ თუ შეიტყო, რომ მისი ვერაგობის შესახებ ინფორმაცია გქონდათ?

– ეს ფარული ჩანაწერი ტექნიკურ განყოფილებაში გავაშიფვრინე, ფურცელზე გადავიტანე, ფურცლის თავში მივაწერე: „სახელმწიფოს მეთაურს, ედუარდ შევარდნაძეს. ასლი – გენერალურ პროკურორს.“ მერე ეს ფურცლები წინ დავუდე და, სკამზე ჩამოვჯექი. წაიკითხა… უკან მიბრუნებს და მეუბნება – კიდევ გაქვს რაიმე, ჩემთვის მოსახსენებელიო?

– არა თქო,  მივუგე. ამოვიღე კალამი და ფურცელს დემონსტრაციულად  მივაწერე: მოხსენდა სახელმწიფოს მეთაურს, ამა და ამ დღეს… (კაბინეტში საათს შევხედე და დროც მიავაწერე) ამა და ამ დროს. მერე მისი კაბინეტი დავტოვე. ფაქტობრივად, ხელი დავადე, როგორც მკვლელობის დამკვეთს და თან ვანიშნე, რომ ასლი უკვე დევს გენერალურ პროკურორთან.

 – კეთილი. დავუბრუნდეთ შევარდნაძესთან თქვენს საუბარს ზვიად გამსახურდიას ცხედრის ექსპერტიზის თაობაზე. თუ შევარდნაძე მკვლელობის დამკვეთია, მან ყველაზე უკეთ იცის, რომ ზვიადმა თავიო კი არ მოიკლა, არამედ, მოკლულია. თქვენ კი, მისგან დაჟინებით მოითხოვთ ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტიც ჩამოყვანილი გყავთროგორ აირიდა ექსპერტიზის ჩატარება?

– როცა უშუალოდ ვესაუბრე, მიპასუხა – მე კი მესმის, რომ ექსპერტიზის ჩატარება აუცილებელია, მაგრამ გამსახურდიას ოჯახი არის ექსპერტიზის კატეგორიულად წინააღმდეგი, მისი ცოლი ამბობს – არავითარ შემთხვევაშიო!

ვეუბნები – ბატონო ედუარდ, თქვენი გამოცდილების კაცი, „ცოლმა მითხრა“ საბაბით ექსპერტიზაზე უარს ამბობთ? აკი, საუბარია საქართველოს რესპუბლიკის პირველი  პრეზიდენტის მკვლელობაზე ან თვითმკვლელობაზე, რისი დადგენაც ექსპერტიზის გარეშე შეუძლებელია! მე პირადად ჩამოვიყვან საერთაშორისო დონის ექსპერტს თქო! არ მინდა ახლა საუბრის თემას გადავუხვიო, მაგრამ როდესაც, სხვათა შორის, შევარდნაძის დავალებით მივლინებით მოსკოვში ვიმყოფებოდი, ერთ გერმანელ ექსპერტთან მომიწია შეხვედრა და ის თბილისში წამოვიყვანე, ერთად ვიფრინეთ… არ მიაკარეს ზვიად გამსახურდიას ცხედარს! მე თავს ახლა ნამდვილად ვერ დავდებ, წინააღმდეგობა მართლაც, ზვიად გამსახურდიას ოჯახიდან მოდიოდა, თუ შევარდნაძემ ეს წინააღმდეგობა თავად მოიგონა, რათა ექსპერტიზის ჩატარება აერიდებინა! თავს დავდებ მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ ექსპერტიზის ჩატარების წინააღმდეგი იყო შევარდნაძე! ის რომ თანახმა ყოფილიყო, გარდაცვლილი პრეზიდენტის მეუღლე ნამდვილად ვერ შეძლებდა ხელის შეშლას, ამისთვის არსებობს სტრუქტურები.

  • თუმცა, როგორც მე ვიცი, ჩეჩნეთიდან, პირადად ჯოხარ დუდაევისგან არსებობდა განკარგულება, რომ ცხედარი ამოცნობისთანავე წაესვენებინათ ჩეჩნეთში, ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე!   
  • ვერ გეტყვით, არ ვიცი, ეს პირველად ვინ გააჟღერა. ჯოხარ დუდაევი არ იყო შევარდნაძის უფროსი; შევარდნაძის უფროსი იყო ვაშინგტონი და არავითარ შემთხვევაში იგი ჯოხარ დუდაევის განკარგულებას არ დაემორჩილებოდა, ეს გამორიცხულია! თუნდაც ოჯახის ინტერესის ფარგლებში ყოფილიყო ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზაზე უარი, თუნდაც მართლა ყოფილიყო ოჯახიდან განაცხადი, „ზვიადის ცხედარს სატანის ხელი არ დაეკაროსო…“ ოჯახის უარი შევარდნაძის ინტერესთან თანხვედრაში რომ არ მოსულიყო,  შევარდნაძე ზვიადის ცხედარს ჩეჩნებს გროზნოში ექსპერტიზის გარეშე არ გაატანდა და ამაში მას ხელს ვერავინ შეუშლიდა, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ დასაჯერებლადაც ადვილი და, ამასთან, ყველასთვის უპრიანი იქნებოდა, თუ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა იგორ გიორგაძეს დაბრალდებოდა!
  • ხალხი განცვიფრებული დარჩა გროზნოში ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის დღეს ჩეჩნეთის პრეზიდენტის, ჯოჰარ დუდაევის განცხადებით: „ზვიად კონსტანტინეს ძემ ნებაყოფლობით შეწყვიტა სიცოცხლე…“ ნუთუ, ისეთმა განათლებულმა და ჩამოყალიბებულმა ადამიანმა, როგორიც გენერალი დუდაევი ბრძანდებოდა, არ იცოდა, რომ ექსპერტიზის დასკვნამდე თვითმკვლელობაზე საუბარი არ შეიძლება? საერთოდ, რატომ შეეხო, ხაზი რად გაუსვა ამ საკითხს და რაზე მიგვანიშნებს ჯოხარ დუდაევის პოზიცია?
  • ჯოხარ დუდაევმა თქვა ის, რაც ზვიად გამსახურდიას უახლოესმა გარემოცვამ უამბო მას. ამაში ჩემი თვალსაზრისით, იმ კაცს, ჯოხარ დუდაევს, რომელმაც საქართველოს პირველ პრეზიდენტს ბოლომდე გაუწია ადამიანური თანადგომა – არანაირი სხვა ქვეტექსტი არ ჩაუქსოვია.
  • ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ჩეჩნეთში დაკრძალვის წინ ჩაუტარდა თუ არა ზვიად გამსახურდიას ცხედარს ექსპერტიზა?
  • არა..
  • თქვენი ჩამოყვანილი ექსპერტი რამდენ ხანს დარჩა საქართველოში?
  • ცოტა ხანს. შევარდნაძეს ვუთხარი – აგერ არის საერთაშორისო დონის პროფესიონალი ექსპერტი, თუ გნებავთ, დამატებით, მეზობელი ქვეყნებიდანაც დავუძახოთ სხვებსაც და ერთად ჩავატარებინოთ მეთქი. შევარდნაძის უარის შემდეგ ის კაცი უკან გავუშვით და ამით დასრულდა. დასრულდა იმით, რომ სამთავრობო კომისიიდან ერთადერთი წევრი, თქვენი მონა-მორჩილი აცხადებს, რომ ეს იყო მკვლელობა და არა თვითმკვლელობა!
  • არსებობს საზოგადოების ერთ ნაწილში მოარული ვარაუდი, რომლის თანახმად, ზვიად გამსახურდია თბილისში ცოცხლად ჩამოიყვანეს და შემდეგ მოკლეს
  • არა! მკვლელობა მოხდა სამეგრელოში! ამას ვაცხადებ იმ უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლის მფლობელიც, ცოცხალი აღარ არის. არანაირი თბილისში ჩამოყვანა არ მომხდარა!
  • არსებობს სხვა ვარაუდიც, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს სამეგრელოში, მაგრამ მკვლელობის ფაქტის გაყალბების მიზნით ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს და შემდეგ, ვიდრე ჩეჩნეთში გადასვენება მოხდებოდაკვლავ სამეგრელოში დააბრუნეს. ამ ვერსიას მაინც თუ აქვს არსებობის უფლება?
  • იქიდან გამომდინარე, უშიშროებას რა ინფორმაციებიც ჰქონდა, ამ ვერსიასაც გამოვრიცხავ, თავიდან ბოლომდე სიცრუეა.
  • პირადად თქვენ თუ გქონდათ მცდელობა, ჩეჩნეთში მყოფ ქალბატონ მანანა არჩვაძეგამსახურდიას დაკავშირებოდით და ექსპერტიზის ჩტარების აუცილებლობაში დაგერწმუნებინათ?
  • ვიცოდი, რომ ზვიად გამსახურდიას მეუღლე იმ ეტაპზე ჩემს მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი, მიუხედავად ამისა, გურამ შარაძეს ვთხოვე, გარდაცვლილი პრეზიდენტის მეუღლე დაერწმუნებინა ექსპერტიზის აუცილებლობაში, მაგრამ, არანაირი პასუხი არ მიმიღია.

ისიც ვიცი, პრეზიდენტის მეუღლეს ვინ უქმნიდა ასეთ განწყობას ჩემთან დაკავშირებით, თუმცა თავად ბატონ ზვიადს ჩემს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა და ამაზე უკვე მოგახსენეთ… არ გამოვრიცხავ, რომ ქალბატონი მანანაც, დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ მათი „დაუძინებელი მტერი“ არასოდეს ვყოფილვარ, ბოლოსდაბოლოს, მამაჩემი, გენერალი პანტელეიმონ გიორგაძე სასაზღვრო ჯარების უფროსად ზვიად გამსახურდიამ დანიშნა.

აქამდე არსად მითქვამს, მაგრამ ზვიად გამსახურდიას  საქართველოში ჩამოსვენების საქმეში განუზომელი და გადამწყვეტი წვლილი აქვს მოსკოვში მცხოვრებ ჩემს  ქართველ მეგობარს.

  • ძალიან საინტერესოა.

ახლა მე თქვენ ინტერვიუს რომ გაძლევთ, ამის შესახებ იცის იმ  ჩემმა მეგობარმა,  ვთხოვე ნებართვა, ინტერვიუში გამეჟღერებინა მისი ვინაობა, რადგან მართლაც საშვილთაშვილო საქმე აღსრულდა! მან მიპასუხა – “ისაუბრე საკუთარ წვლილზე, მაგრამ ჩემი ვინაობის დასახელების დრო ჯერ არ მოსულა. იქნებ დავჭირდე ჩემს სამშობლოს კარგ საქმეში…“  მე კი, მჯერა, ის დროც დადგება, როდესაც მისი ვინაობა გამჟღავნდება!

მოკლედ მოგახსენებთ, როგორ იყო ეს: ჩემმა მეგობარმა თავისი ხელით დაწერა ბარათი და წარმოუდგენელ სიტუაციაში იმდენი მოახერხა, რომ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა დათანხმდა მის წინადადებას და ყველანაირი წინაპირობის გარეშე გადასცა ქართულ მხარეს ზვიად გამსახურდიას ცხედარი და როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც. შემდეგ კი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი თბილისში გადმოასვენეს და ქართულ მიწას მიაბარეს!

  • როსტოვის ექსპერტიზა ობიექტურად ჩატარდა?
  • პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმას, რომ როსტოვის ექსპერტიზას სუბიექტურად ემუშავა. ამას რუსეთისთვის არანაირი სარგებელი არ ექნებოდა. ზვიად გამსახურდიას დაღუპვის ფაქტი ხომ საქართველოში დაფიქსირდა და, ტანაც, როსტოვის ექსპერტიზამდე 15 წლით ადრე… ამავე დროს, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ როსტოვის ექსპერტიზის ამოცანა იყო მხოლოდ იმის დადასტურება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნეშტი ნამდვილად ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა.

სამაგიეროდ, არ შეიძლება იმისი სრულებით გამორიცხვა, რომ ვიდრე ზვიად გამსახურდიას ცხედარი სამეგრელოში იყო, შევარდნაძის დავალებით იქ არ გაყალბდა სიკვდილის ნამდვილი გარემოება და მკვლელობა არ შენიღბეს, როგორც თვითმკვლელობა!

  • რა გაძლევთ ამ ვარაუდის საფუძველს?
  • ის ფაქტი, რომ შევარდნაძემ მე გამთიშა ამ ამბავს.. რატომ უნდა წასულიყო გარდაცვლილი ზვიად გამსახურდიას შესახებ ინფორმაციის ჩამოსატანად ავთანდილ იოსელიანი და არა მე; თანაც ის ხომ „შემთხვევის ადგილისკენ ექსპერტის და გამომძიებლის თანხლების გარეშე გაემართა?
  • თქვენ არ აპირებთ, შთამომავლობას მაინც შემოუნახოთ პრეზიდენტის მკვლელის ვინაობა?
  • ნუ შეეცდებით, პასუხისმგებლობის მთელი ტვირთი მარტო მე დამაკისროთ, რადგან პირადად მე, მინიმუმ ორი, დღემდე ცოცხალი კაცი ვიცი, ვინც მკვლელის ვინაობა იცის! მე ვამბობ, მინიმუმ ორი თქო! მაგრამ შეიძლება მათი რაოდენობა ოთხი ან ხუთიც იყოს! ხაზგასმით გეუბნებით – მე არ ვარ პრეზიდენტის მკვლელის ვინაობის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი მფლობელი!
  • მაშინ, ამგვარად შეგიბრუნებთ კითხვასარსებობს პერსპექტივა, რომ თქვენი მონაწილეობით ან თქვენს გარეშეზვიად გამსახურდიას მკვლელობის გარემოება ქართველი ხალხის წინაშე გამჟღავნდეს?
  • ძალიან გთხოვთ, უშიშროების პროფესიონალ თანამშრომელს მარჩიელის ამპლუაში ნუ ჩამაყენებთ… დიახ, ნამდვილად არსებობს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ობიექტურად გახსნის შანსი! მაგრამ, დღევანდელ პირობებში და იმ ვითარებაში, როგორშიც ახლა მიმდინარეობს გამოძიება, ეს საქმე ვერ გაიხსნება. აი, მაგალითად, თქვენ და მე ახლა, გულწრფელად ვსაუბრობთ, მოთმინებით გპასუხობთ ყველაზე მწვავე კითხვებზეც, მაგრამ მსგავს დიალოგზე, მსგავს საუბარზე მოდიან კი, ის ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ახლდნენ დევნილ ზვიად გამსახურდიას? დაე, მათაც იზრუნონ, გამოძიებისთვის ხელის შესაწყობად!
  • არიან ისეთი ადამიანები რომლებიც გულწრფელ დიალოგზე მოდიან, თავად ამჟღავნებენ მისწრაფებას, რომ ზვიად გამსახურდიას სიკვდილის იდუმალებით მოცული ამბავი გამჟღავნდეს. თუმცა, ჩემი ჟურნალისტური გამოძიების განმავლობაში ისეთებსაც შევხვედრივარ, ვისთან საუბრის მერეც უკმარისობის გრძნობა დამრჩენია.
  • ამიტომ, ყველამ უკლებლივ, ვინც ამ საკითხზე ჩვენებას მისცემს, აღძრული საქმის ფარგლებში პროცესუალურად გათვალისწინებული წესების დაცვით  უნდა გაიაროს ტესტი პოლიგრაფზე, ანუ კითხვებზე პასუხები უნდა გასცენ სიცრუის დეტექტორზე მიერთებულებმა. პოლიგრაფი არ იძლევა 100 პროცენტიან შედეგს, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, დიდი სიზუსტით დგინდება, არის თუ არა დასაკითხი პირი გულწრფელი; რომელი კითხვები იწვევს მის განსაკუთრებულ აღელვებას, რაც სხეულის პარამეტრების ცვლილებას განაპირობებს და მონიტორზე აისახება. ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით გამოკითხულმა რომელიმე პირმა გაიარა ტესტი პოლიგრაფზე? იმის მიუხედავად, რომ სიკვდილის მომენტიდან თითქმის 3 ათეული წელი გავიდა, შეიძლება, სიტუაციამ მოითხოვოს ცხედრის ექსჰუმაციაც. თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე – „იცით, ვინ გამოკრა თითი ჩახმახს?“ – მე გპასუხობთ – „ვიცი!“ მაგრამ, საქმის გამოძიების დროს უამრავი სხვა, მნიშვნელოვანი გარემოებაც შეიძლება გამოიკვეთოს.
  • მაგალითად?
  • ვთქვათ, შესაძლოა, მკვლელობის მომენტში ოთახში, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, მარტო ჩახმახის გამომკვრელი არ იმყოფებოდა! ვერსიები უამრავია. მაგალითად, გსმენიათ ვერსია, რომლის მიხედვით თვითონ ზვიად გამსახურდიამ მისი უმძიმესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თვითონ ითხოვა – მომკალითო? თხოვნის შემსრულებელი ხომ, ამ შემთხვევაშიც მკვლელია, მაგრამ, იმავდროულად, მისი გაგებით, მშველელიც… მერამდენედ გიმეორებთ – ვიცი, ჩახმახს თითი ვინც გამოკრა! მაგრამ არ ვიცი, რა მოტივაციით ჩაიდინა ეს ქმედება! აი, სწორედ ასეთი დეტალების დასადგენად არის აუცილებელი პოლიგრაფი! რაც რეალურად მოხდა, ზედმიწევნით იცის სიკვდილის მომენტისთვის ზვიად გამსახურდიას მხლებელმა გარემოცვამ. რამდენადაც მახსოვს, იმ დროს მიწაზე თოვლიც იდო. როგორ წარმოგიდგენიათ, ვინმე ისე შეპარულიყო მოსაკლავად და მერე უკან გამოპარულიყო, რომ თოვლზე კვალი არ დაეტოვებინა? თანაც, არ დაგავიწყდეთ, ეს სამეგრელოში ხდება. მსმენია და ბოდვაა ვერსიები, თითქოს “ГРУ” – ს თანამშრომლებმა ფანჯრიდან შეაღწიეს ოთახში და შეასრულეს მკვლელობა! “ГРУ”-ს კი არა, მაშინ ისეთი დაძაბული ცხოვრებით ცხოვრობდა მოსახლეობა, მეზობელი სოფლიდან მეგრელი რომ ჩასულიყო, იმასაც შეამჩნევდნენ!

ადრე, ადგილმდებარეობის გულმოდგინე გამოკვლევითაც ბევრი მტკიცებულების მოპოვება იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ მას მერე რაც შევარდნაძის ხალხმა რამდენჯერმე მოინახულა ის ადგილი, არავინ იცის, რა კვალი წაშალეს და რა გარემოება გააყალბეს ან შენიღბეს – შევარდნაძე ხომ, ყველაფერზე წამსვლელი იყო: თავის დროზე, თავისი მეგობარი, რომელსაც მისთვის ჯიბის ფული მოქონდა ხოლმე – ციხეში 8 წლით ჩასვა; მძღოლმა თავი მოიკლა; „მარჯვენა ხელმა,“ ასევე, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე; ცკ-ს მდივანი ფანჯრიდან გადახტა; შოთა კვირაიას კაბინეტში დასაკითხად მიყვანილი დემურ დვალიშვილი ვითომ შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტიდან გამოსვლისას იქვე კარებთან თავს იკლავს (საუბარია კაცზე, რომელსაც თავის სიცოცხლეში ხელში იარაღი არ სჭერია), ამ ტრიუკების ჩამტარებელი პიროვნება ყველაფერს იკადრებდა, რათა ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებიც გაეყალბებინა!

აღძრული საქმის ფარგლებში უნდა ჩატარდეს ყველა ეპიზოდის ფუნდამენტური გამოძიება, მაგრამ ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს ნება, რასაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ! იმას კი არ ვამბობ, რომ გამოძიებას პრემიერი ღარიბაშვილი აჭიანურებს… პირიქით – რამდენადაც ვიცი, სწორედ პრემიერის უშუალო მითითებით, მას მერე საქმის ხანდაზმულობის 25 წლიანი ვადა ამოიწურა, ეს ვადა კიდევ 5 წლით გაგრძელდა, მაგრამ აგერ, დეკემბერიც მოგვადგება და შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს! პროკურატურაშიც, სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი იმდენი ამაზრზენი კადრია ჩანერგილი, რომ ვფიქრობ, ამ ეტაპზე ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა უბრალოდ შეუძლებელია, მე ასე ვხედავ!

  • ვერსიის დონეზე მაინც უშვებთ, რომ მკვლელმა პრეზიდენტის თხოვნა შეასრულა, როდესაც ჩახმახს თითი გამოკრა?
  • მე ასე ვიტყვი: 50/50-ზეა! მე თავს უფლებას ვერ ვაძლევ, ამ ვერსიის რომელიმე მიმართულებას მივანიჭო უპირატესობა. აი, სწორედ ამიტომ იყო საჭირო, თავის დროზე ექსპერტიზის ჩატარება, რაც უტყუარად ადგენს, ჩახმახს თითი გამოკრა თვითმკვლელმა, თუ „სხვა დაეხმარა“ სიკვდილის დადგომაში. 50/50-ზეა ვარიანტი, მკვლელი ზვიად გამსახურდიას მომხრე იყო თუ, დამკვეთის მიერ მოსყიდული!

საქართველოს ისტორიისთვის არის აუცილებელი სიმართლის დადგენა, ვისურვებ, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ საამისოდ გამოავლინოს უმაღლესი პოლიტიკური ნება, გაიღოს სათანადო ხარჯები, გამოძიებაში ჩართოს ობიექტურობით და პროფესიონალიზმით გამორჩეული, როგორც ქართული, ასევე უცხოელი სპეციალისტები და დააყენოს გამოძიების იმგვარი კომპეტენტური შედეგი, რომელიც სადაო არავისთვის იქნება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვიქნებით პირნათელნი საქართველოს ისტორიის და მომავალი თაობების წინაშე!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

ყურადღება!!!

ექსკლუზიური მასალის გადაბეჭდვა tvalsazrisi.ge -ს  და

ინტერვიუს ავტორის, ზაზა დავითაიას მითითების გარეშე აკრძალულია!

 

 

 

 

კომენტარები