კახაბერ ჩუბინიძე: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გაუპატიურება დააბრალეს და 11 წლით ციხეში გამოკეტეს!

პატიმარი დახმარებას გვემუდარება! „ციხეები ოჯახური ძალადობის ბრალდებით გასამართლებული მამაკაცებით გადაივსო. სამწუხაროდ, ოჯახურ ძალადობას არაერთხელ მკვლელობაც მოჰყოლია, მაგრამ მეორე უკიდურესობაში გადავინაცვლეთ, როდესაც ლიბერასტულ არასამთავრობო ორგანიზაციებში დატრენინგებული ცოლები მკაცრ კანონს ცილისწამების მიზნით ეყრდნობიან და მამაკაცებს ყოველგვარი მყარი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ ოჯახში ხმის აწევის გამო ისტუმრებენ ციხეში. ყოველ ზღვარს სცდება, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი სიქტურაშვილს გადახდა – ცოლმა სექსუალურად ძალადობის საზარელი მუხლით დააჭერინა და 11 წლით ციხეში გამოკეტეს!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი მსჯავრდებულ გიორგის სიქტურაშვილის ადვოკატმა,

კახაბერ ჩუბინიძემ:

პატიმრის წერილი:

მე ვარ გიორგი სიქტურაშვილი, ვიმყოფები გლდანის N-8 პენუტენციურ დაწესებულებაში, 1 კორპუსზე, N-41 საკანში. ჩემი ადამიანური ენით მსურს მოგწეროთ ჩემი გასაჭირის, უკანონოდ გასამართლებული პატიმრის შესახებ. 2022 წელს დამაკავეს მეუღლესთვის მესიჯის მიწერისთვის, ვითომდა შეიცავდა მუქარას. ამის გამო ჩემთვის გამომძიებელს უნდა გამოეწერა შემაკავებელი, თუმცა, გამომძიებელმა მიზანმიმართულად აწარმოა არაობიექტური გამოძიება. დამიშინეს მეუღლე, რომელთანაც ვცხოვრობ 10 წელია, მყავს ორი შვილი. დაკავების შემდეგ გამომძიებელმა წამიყენა ბრალი, რომ ვითომდა მე 2020 წელს ვიძალადე მეუღლეზე სექსუალურად და წამიყენა გაუპატიურების მუხლი. საქმეზე არ დანიშნულა არანაირი სამედიცინო ექსპერტიზაები, არ არსებობს მტკიცებულებები, ვერც იარსებებდა, რადგან ეს მე არ ჩამიდენია. საქმე აწყობილია მხოლოდ ნათქვამზე, პროკურორის ღრმა რწმენაზე, რომელზე დაყრდნობითაც საქალაქო სასამართლომ მომისაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. გამომკეტეს ციხეში, დამინგრიეს ოჯახი და დამაშორეს არასრულწლოვან შვილებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ეს გასაჩივრებული მაქვს უზენაესში. გთხოვთ, ისაუბროთ ამ პრობლემებზე, უკანონოდ გასამართლებულ პატიმრებზე. არ შეიძლება ადამიანის გასამართლება მხოლოდ ნათქვამის საფუძველზე, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. ჩემი თვალით ვუყურე „შაბათის ფორმულას“ სიუჟეტს. იქ საუბარია ე.კ-ს მხრიდან ადამიანის გაუპატიურებაზე, სადაც საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ მხოლოდ ნათქვამის საფუძველზე არ შეიძლება ადამიანის დაკავებაო. მე არამცთუ დამაკავეს, 11 წელი მომისაჯეს ყველანაირი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე. ამ მაგალითით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ არ შეიძლება არსებობდეს შერჩევითი სამართალი.

ვარ დაღუპული და განადგურებული. შემილახეს ღირსება. უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ. გთხოვთ გააჟღეროთ და მიაწვდინოთ ხმა იმ ხალხამდე, ვინც დამეხმარება ჩემი სიმართლის დამტკიცებაში. ისაუბრეთ პატიმრებზე და მოუწოდეთ, მოგწერონ პატიმრებმა თავიანთ პრობლემებზე.

გამომძიებელმა ჩემს საქმეში გააყალბა ხელმოწერები. ეს გამომძიებელი არის კახაბერ გამჯაშვილი. საქმის პროკურორი ლაშა გამყრელიძე. გაყალბებულ ხელმოწერებთან დაკავშირებით კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნის მიზნით მივწერე არაერთ სახელმწიფო სტრუქტურას, თუმცა ამას არ მოჰყოლია არანაირი შედეგი. ასევე, მიწერილი მაქვს სახალხო დამცველთან. დაუკავშირდით ჩემს ადვოკატს, კახაბერ ჩუბინიძეს, რომელიც მოგცემთ ინტერვიუს საქმის დეტალებთან დაკავშირებით. გთხოვთ, ინტერვიუ ჩაწეროთ ჩემთანაც, უნდა დასრულდეს ეს უკანონობა, ოჯახების ნგრევა და კაცების ციხეში გაშვება!

„ვარ დაღუპული და განადგურებული. შემილახეს ღირსება. უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ. გთხოვთ გააჟღეროთ და მიაწვდინოთ ხმა იმ ხალხამდე, ვინც დამეხმარება ჩემი სიმართლის დამტკიცებაში!“ – ამას იწერება გამწარებული პატიმარი. მოგეხსენებათ, როგორი საზარელი მუხლია, თუმცა მსჯავრდებული იმდენად დარწმუნებულია ამ მუხლით უდანაშაულობაში, რომ ვინაობის გამჟღავნებასაც არ მოერიდა, პირიქით, თავადვე პრინციპულად მომთხოვა ვინაობის გასაჯაროება! ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი საშუალო ასაკის გიორგი სიქტურაშვილი დაახლოებით, 1 წლის წინ დააპატიმრეს, ამჟამად სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. 40 წლამდე მამაკაცი მასზე რამდენიმე წლით უმცროს მეუღლეზე, ვ.ს-ზე იყო დაქორწინებული. წყვილს საკუთარი ორი შვილი ჰყავდა, თუმცა გიორგის მეუღლეს პირველი ქორწინებიდან შვილი მოჰყვა, რომელიც მათთან ოჯახში იზრდებოდა და კაცი შვილებში არ ასხვავებდა. ბოლო პერიოდში გიორგის ცოლთან ურთიერთობა დაეძაბა. ერთხელაც, შინ დაბრუნებულს მეუღლე და შვილები სახლში აღარ დახვდა. მცირეწლოვან (5 და 2 წლის) ბავშვებზე დარდით განერვიულებულმა კაცმა ცოლს ტელეფონზე მუქარის ელემენტების შემცველი მესიჯები მისწერა – დაბრუნდი, თორემ ასე და ასე ვიზამო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოგვიანებით, სასამართლოზე აღიარებდა და განმარტავდა, რომ ეს მხოლოდ ბანალური მუქარა, ცარიელი სიტყვები იყო, როგორსაც ადამიანები ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს, თუმცა, განხორციელებას არ აპირებენ. სწორედ ტელეფონზე მიწერილი ეს მესიჯების იქცა საფუძვლად, რაზე დაყრდნობითაც გიორგის მეუღლემ, ვ.ს-მ პოლიციას მიმართა.

 – ნუთუ, მხოლოდ მესიჯების გამო მიუსაჯეს 11 წლით პატიმრობა?

–  სასამართლოზე ოჯახური ძალადობის შესახებ ბრალდება 126 პრიმა მუხლის, ხოლო მუქარა 151-ე მუხლის ფარგლებში განიხილეს და, გიორგი სიქტურაშვილმა ცოლთან დაძაბული ურთიერთობა, ნაწილობრივ ძალადობაც აღიარა, ოღონდ აღელვების გამომწვევი სხვა მოტივაცია დაასახელა, რომ მავანისგან მეუღლის წარსულთან დაკავშირებით ნეგატიური ამბები შეიტყო. ზოგადად, ოჯახში წყვილი მართლაც ხშირად კამათობდა, თუმცა  ფიზიკური შეურაცხყოფის გარეშე. სამართალდამცველებამდე საქმე არ მისულა და მეუღლეები თანაცხოვრებას  აგრძელებდნენ. დაპატიმრებამდე გიორგის მეუღლესთან შემაკავებელი ორდერიც კი არ ჰქონია გამოწერილი! ამ საქმის მთელი აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ გიორგის დაკავების შემდეგ მისი მეუღლე კვლავ მიდის პოლიციაში და დამატებით აცხადებს, თითქოს 2020 წლის ოქტომბერში ქმარმა სქესობრივი კავშირი მასთან მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა და   ტუალეტში გააუპატიურა! შესაბამისად, გიორგი სიქტურაშვილი დამატებით, 137-ე, ანუ გაუპატიურების მუხლით გაასამართლეს და სასჯელის სიდიდეც სწორედ ამ მუხლმა განაპირობა!

 – მაგრამ გიორგი ხომ 1 წლის წინ დაიჭირეს… თუ ქალი პოლიციაში ქმრის მიერ გაუპატიურების შესახებ ირწმუნებოდა, 3 წლის განმავლობაში ამაზე სდუმდა?

– საქმეც მაგაშია, რომ არამცთუ პოლიციასთან, გაუპატიურების შესახებ ვ.ს-ს 3 წლის განმავლობაში, ანუ, გიორგის დაპატიმრებამდე სიტყვა საერთოდ არავისთან, საკუთარ მშობელთან და მეგობრებთანაც არ დასცდენია! ანდა, რაში უნდა დასჭირვებოდა გიორგის ცოლის ღამით, საპირფარეშოში გაუპატიურება, როცა მთელი სახლი ოჯახის განკარგულებაში იყო?! ამიტომაც, ქალის განცხადება აბსურდი და ცილისწამებაა, მით უფრო, რომ ამ ‘მითიური“ გაუპატიურების შემდეგ წყვილს შვილიც ეყოლა და მათი ოჯახური თანაცხოვრება კიდევ 3 წელიწადს გაგრძელდა!

 – ამ შემთხვევის გარდა, სხვა მსგავსი ფაქტიც დაასახელა?

– დიახ, კიდევ 2023 წლის აპრილში „მომხდარ მეორე ეპიზოდზე“ ისაუბრა, როცა ინტიმური ურთიერთობის მომენტში ქმარს ტკივილის განცდის გამო შესჩივლა, თუმცა ქმარმა თურმე ურთიერთობა არ შეწყვიტა და ბოლომდე მიიყვანა! ქალბატონმა ვ.ს-მა ესეც მისი ნების საწინააღმდეგო სექსუალურ აქტად შეაფასა, თუმცა ამ ეპიზოდიდანაც თვეები იყო გასული, წყვილის ოჯახური თანაცხოვრება გრძელდებოდა და გარდა თავად ვ.ს-ის ჩვენებისა, გაუპატიურების დამადასტურებელი არც ექსპერტიზის დასკვნა და არც სხვა არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა! ისე გამოვიდა, რომ ოჯახურ ძალადობასა და მუქარასთან ერთად საწყალ კაცს ბრალი ცოლის ნების საწინააღმდეგოდ დამყარებული ინტიმური ურთიერთობების გამოც წაუყენეს, რასაც ადგილი არამც და არამც არ ჰქონია, მოგონილია და ცილისწამება! შესაბამისად, უკანონოა 11 წლიანი სასჯელი, რაც გიორგი სიქტურაშვილს მოსამართლე ნათია გუდაძემ მიუსაჯა!

 – ცოლ-ქმარს შორის დაძაბულობა რით იყო გამოწვეული?

– გიორგი ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობით იყო განწყობილი. ოჯახი ქალის ბინაში ცხოვრობდა, თუმცა სიქტურაშვილმა საკუთარი სამოთახიანი ბინა გაყიდა და აღებული თანხა ოჯახს მოახმარა. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გიორგი გარკვეული ხნით ევროპაშიც იყო წასული. გიორგი სიქტურაშვილის თქმით, მეუღლისგან განსხვავებით მას სამსახური არ ჰქონდა, მეუღლე კი, სამსახურიდან (სალონში მუშაობდა) სახლში გვიან ბრუნდებოდა და მცირეწლოვან შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდა. ვ.ს-ის სახლში არყოფნის პერიოდში ბავშვებზე იმავე კორპუსში მცხოვრები გიორგის სიდედრი ზრუნავდა. მე, როგორც ადვოკატს, გამაჩნია გონივრული ვარაუდი, რომ ქალბატონი ვ.ს. ვიღაცამ საჩივლელად წააქეზა. გიორგი სიქტურაშვილი განმარტავს, რომ მის ცოლს ჰყავდა საეჭვო ზნეობის მქონე მეგობარი, რომელიც ცდილობდა, ვ.ს. თავისი გავლენის ქვეშ მოექცია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ არსებობს მამაკაცი, რომლის ინტერესებშიც შედიოდა გიორგის ჩამოცილება. ამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს გარემოება, რომ გიორგის მეუღლემ არ იკმარა მუქარის გამო პოლიციისთვის შეტყობინება და წლების წინ „გაუპატიურებასთან“ დაკავშირებითაც შეიტანა საჩივარი იმ განზრახვით, რომ მეუღლისთვის კანონიერი სასჯელი უკანონოდ და ცილისწამებით დაემძიმებინა. ფაქტია, რომ პოლიციაში თავდაპირველად მისვლისას, გაუპატიურებაზე არაფერი უთქვამს. გაუპატიურების ბრალდება რომ არა, ყველაზე უარეს ვარიანტში გიორგის 2 წელი მიესჯებოდა; უკეთესში კი, 6 თვიდან 1 წლამდე პატიმრობით დასრულდებოდა საქმე.

 – რასთან გვაქვს საქმე? კანონის პრობლემასთან თუ უკანონობასთან?

– სახეზეა როგორც კანონის, ასევე უსამართლო სასამართლოს პრობლემა! საქმე უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრეთ და იმედი ღვივის, რომ სამართლიანობა ამჯერად მაინც იზეიმებს. ბრალდების მხარის ვალდებულებაა მყარი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებამ ვერ წარმოადგინა და ამხელა სასჯელი კაცს მიუსაჯეს მხოლოდ ქალის ჩვენებაზე დაყრდნობით! ასე, ნებისმიერ ქალს შეუძლია, ქმარს მასთან შეუთანხმებელი ინტიმური კავშირის გამო უჩივლოს და კაცს დაიჭერენ! გამოდის, მამაკაცმა მეუღლესთან ინტიმური კავშირი რომ დაამყაროს, წინასწარ მისგან ნოტარიული წესით თანხმობა უნდა მოიპოვოს, ხოლო სქესობრივი აქტის შემდეგ ხელწერილი დააწერინოს, რომ ყველაფერი ცოლისთვის მისაღებ ფორმაში მოხდა… სხვაგვარად, საზარელი მუხლით გასამართლება და ხანგრძლივი პატიმრობა მოუწევს!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

კომენტარები