მოსახლეობაში პრეტენზია რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ არსებობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების – ლალისყურის, ფშაველისა და ლეჩურის მოსახლეობას შეხვდნენ.
სოლომონ პავლიაშვილმა ადგილობრივებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა და მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნულ სოფლებში დაგეგმილ და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ადგილობრივ მოსახლეობასთნ შეხვედრის ფარგლებში, ასევე ყურადღება დაეთმო რთველის მიმდინარეობის საკითხს.
„მსგავსი ფორმატის შეხვედრების მიზანს თავად ადგილობრივი მოსახლეობისგან მათი საჭიროებების შესახებ ინფრომაციის მიღება წარმოადგენს. ამავდორულად, რა თქმა უნდა, ხალხს აინტერესებს, როგორ მიმდინარეობს რთველი, როგორი იქნება ფასები, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მოსახლეობაში პრეტენზია რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ არსებობს“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან საუბრის დროს.
შეხვედრის მიზანს მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის თავად ადგილობრივებისგან გაცნობა და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მათი პრიორიტეტების მაქსიმალური ასახვა წარმოადგენს.

კომენტარები