„ნამახვანჰესის“ პროექტის მედიაციაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება – „მნიშვნელოვანია, „ნამახვანჰესის“ საკითხზე მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციას  ავრცელებს:

„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის შეხვედრაზე ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლესთან, რომელიც ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის.

შეხვედრა ონლაინფორმატში გაიმართა, რომლის დროსაც მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელს „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებული ვითარება გააცნეს და ხაზი გაუსვეს კონსენსუსის მიღწევის პროცესში აღნიშნული ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილულ იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა.

ონლაინშეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

ონლაინშეხვედრას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და ნამახვანჰესის პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ნამახვანჰესის პროექტის მედიაციაში უახლოეს პერიოდში ჩაერთვება.

ჩვენთვის მისასალმებელია ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართულობა ნამახვანის პროექტის მედიაცია-კომუნიკაციის პროცესში, რომლის დროსაც საქართველოს მხრიდან ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, პროტესტის მონაწილეებს, მიეცემათ საშუალება, ჩაერთონ და გადახედონ ყველა იმ პროცედურას, რომელიც სამინისტროებმა გაიარეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მიემართა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებისთვის, ჩართულიყო საზოგადოებასთან მედიაციის პროცესში.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი ნამახვანის პროექტის გარშემო. მათ შორის, არსებობს გარემოსდაცვითი შეფასების კუთხით კითხვები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროცედურა იყო ზედმიწევნით დაცული, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის პროცესი წარიმართოს საერთაშორისო მედიაციით, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

კომენტარები