ნატალია ზარქუა სიმსივნისგან თავის დაღწევის ხელმისაწვდომ საშუალებას გვთავაზობს

„სიმსივნის წამალი ყველა დიასახლისს სახლში, სამზარეულოში უდევს, მაგრამ ვერ ხვდებიან, რა არის – უთქვამს მამა პაისი ათონელს. ჯანმრთელი ცხოვრების და მორალის ერთგული საზოგადოება კანაფს ნარკოტიკად მიიჩნევს და მას ემიჯნება, როგორც ჩხრიალა გველის შხამს, მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ როგორც გველის შხამის შეიცავს უამრავ იშვიათ ნივთიერებას, რაც მაღალი ეფექტის მქონე  სხვადასხვა მედიკამენტის დასამზადებლად არის აუცილებელი, კანაფიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელ ნივთიერებებს და ელემენტებს შეიცავს, რომლებიც უამრავ მძიმე დაავადებას ამარცხებენ, მათ შორის სიმსივნეებს!“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სამედიცინო საკითხებში კომპანია „გოლდენ ქინგსის“ კონსულტანტმა, ექიმმა-თერაპევტმა

ნატალია ზარქუამ:

 

– თუ კანაფს ადამიანი მიეტანება, როგორც ნარკოტიკს, ეს ძალიან მალე, მის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით, ნერვულ სისტემაზე მკვეთრად ნეგატიურად აისახება, მაგრამ მედალს მეორე მხარეც გააჩნია. საბერძნეთში, ჩინეთში და ძველ ეგვიპტეში კანაფს უძველესი დროიდან მოიხმარდნენ, არა მხოლოდ როგორც ფსიქოტროპულ, არამედ როგორც საკვებ და სამკურნალო დანიშნულების პროდუქტს. კანაფის დიდი დოზით და არადანიშნულებით გამოყენება იწვევს შიშებს, ჰალუცინაციებს, შფოთვებს და სხვა უამრავ უკუეფექტს, თუმცა, არცთუ შორეულ წარსულში, კანაფი ლეგალურ სასოფლო კულტურად ითვლებოდა. მისგან მზადდებოდა ზეთები, ქსოვილები, თოკები. კანაფის ფოთლებს იყენებდნენ საკვების დანამატად. სვანეთში კანაფის საკვებ პროდუქტად, კერძოდ – სანელებლის სახით გამოყენება დღემდე აქტუალურია.  ამერიკელმა, კანადელმა და რუსმა მეცნიერებმა ერთობლივად გამოიყვანეს კანაფის ისეთი ჯიშები, რომელიც ფსიქოტროპულ ნივთიერებებს თითქმის არ შეიცავს, შესაბამისად, გვერდითი მოვლენებიც არ ახასიათებთ. ზუსტად ასეთი კანაფის ჯიშების თესლიდან მიღებული ზეთი დღეს მთელ მსოფლიოში სამედიცინო მიზნებით გამოიყენება და საზოგადოების ფართო მოხმარების პროდუქტია. მთავარია, ზეთი მიიღებოდეს ცივი, მექანიკური დაწურვის მეთოდით, რათა კანაფის სასარგებლო და სამკურნალო  თვისებები შენარჩუნდეს. ასეთმა ზეთმა ადამიანს ეიფორია რომ განაცდევინოს, ერთდროულად 7-8 ლიტრი უნდა მიიღოს, რაც შეუძლებელია.

 – ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რა ნივთიერებებს შეიცავს კანაფის ზეთი?

– კანაფის ზეთი ძალიან მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი, ფართო სპექტრის უჯერი და ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით; A, C, D, E, K, ასევე, B ჯგუფის (B1, B2, B4-ქოლინი, B6) ვიტამინებით; ქლოროფილით, ფიტოსტეროლებით, კაროტინოიდებით; მიკრო და მაკრო ელემენტებით, როგორებიც არის რკინა, კალიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, თუთია. ასეთი შემადგენლობა საფუძველს იძლევა, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, წონაში დასაკლებად, ასევე, სხვადასხვა სნეულების ეფექტურად დასაძლევად მისი გამოყენებისთვის. ექიმის მიერ დანიშნული დოზებით, კანაფის ზეთი სისხლძარღვებში ებრძვის ქოლესტერინის დაგროვებას, წმენდს სისხლძარღვებს, C, E, B6 ვიტამინები; კალიუმი, მაგნიუმი, მანგანუმი – სისხლძარღვების და გულის კუნთების მდგომარეობას აუმჯობესებენ. ათეროსკლეროზით, ჰიპერტონიით, გულის იშემიით, აგრეთვე ტრომბოფლებიტით, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით დაავადებულებისთვის კვების რაციონში კანაფის ზეთის ჩართვის რეკომენდაციებს ექიმები იძლევიან. ეს პროდუქტი ინსულტებისა და ინფარქტების, ანემიების სამკურნალოდაც გამოიყენება, ხოლო ზედა სასუნთქი გზების კატარის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ბრონქოზიტების, პნევმონიის, ასთმის და ტუბერკულოზის დროს; ასევე,  გასტრიტების, კოლიტების, ენტერიტების, კუჭის და ნაწლავების წყლულოვანი დაავადებების, ქოლეცისტიტის, ბუასილის, თირკმლების და საშარდე ბუშტის სნეულებების დროს კანაფის ზეთის კვების რაციონში ჩართვა საუკეთესო შედეგებს იძლევა. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და საუკეთესო პროდუქტია მათთვის, ვინც დიეტაზე იმყოფება, რადგან ორგანიზმს უმნიშვნელოვანესი ნაერთებით ამარაგებს და გამოფიტვისგან იცავს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ კანაფის ზეთი ეფექტურად უპირისპირდება სიმსივნეს. წამყვანი ონკოლოგები 1991 წელს გამოკითხვისას აღიარებდნენ, რომ კანაფის ზეთს ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი მოვლენების შესამცირებლად იყენებდნენ; ხოლო ქლოროფილის ანტიოქსიდანტური თვისება საშუალებას იძლევა, ებრძოლოს კიბოს გამომწვევ უჯრედებს და შეაფერხოს მათი გამრავლება, ანუ დროში შესამჩნევად შეაფერხოს სიმსივნის განვითარება. ეს პროდუქტი გამოიყენება, როგორც პროფილაქტიკური საშუალება პროსტატის ადენომის, იმპოტენციის, წინამდებარე ჯირკვლის და სხვა სახის სიმსივნეთა წინააღმდეგ. პირდაპირ გეუბნებით – ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა კანაფის ზეთის გამოყენებით პაციენტს ადრეულ სტადიაში სიმსივნე ბოლომდეც დაუმარცხებია!

 – რა უკუჩვენებები აქვს კანაფის ზეთს?

– ერთადერთი უკუჩვენება კანაფის ზეთის მიღების დროს, შეიძლება იყოს ამ პროდუქტის პირადი აუტანლობა. კანაფის ზეთს წარმატებით იყენებენ კოსმეტოლოგიაში. იგი აღადგენს კანის სიმკვრივეს, ელასტიურობას, ასწორებს ნაოჭებს, კანს კვებავს და იცავს ნაადრევი დაბერებისგან, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მოცულობას, ბზინვარებას და სინაზეს ანიჭებს. ეფექტური საშუალებაა თმის მტვრევადობის, გაყოფილი ბოლოების და სიმშრალის წინააღმდეგ. კანაფის ზეთი იხმარება როგორც გარეგანი წასასმელი საშუალება – დამწვრობის შემთხვევაში დაზიანებული სხეულის ნაწილზე ადებენ კანაფის ზეთის და კვერცხის ცილის ნაზავს 1:1 შეფარდებით, 2 საათის განმავლობაში; სურავანდის და წითელი ქარის დროს დაზიანებულ ადგილას იდებენ კანაფის ზეთის კომპრესს; რეკომენდებულია შეზელა კანაფის ზეთის წელის არეში რადიკულიტის შეტევების დროს; მასტოპათიის შემთხვევაში რეკომენდებულია კომპრესი ანთებითი პროცესის ადგილას. კანაფის ზეთს იყენებენ ნებისმიერი სახის სამკურნალო მასაჟის დროს. განსაკუთრებულად ეფექტურია ართრიტების, ართროზის, რევმატიზმის, ოსტეოქონდროზის შემთხვევებში. ეფექტის გასაძლიერებლად 1ს/კ კანაფის ზეთს შეიძლება დავუმატოთ 1–3 წვეთი როზმარინის და შროშანის ზეთი. კანაფის ზეთი აუცილებელიც კია ბავშვის ორგანიზმის სრულყოფილი განვითარებისათვის, რადგან ცხიმოვანი მჟავების ძირითად, ხოლო ვიტამინების და მიკრო ელემენტების დამატებითი წყაროს წარმოადგენს. ნევროზების, უძილობის, ბავშვთა აუტიზმის, ყოფაქცევის სხვადასხვა აშლილობის, ჰიპერაქტიურობის, ყურადღების დეფიციტის სინდრომის, ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითების დროს კანაფის ზეთი მისწრებაა.

 – სიმსივნიანმა პაციენტებმა კანაფის ზეთი როგორ და რა დოზებით მოიხმარონ, რათა შედეგი თვალსაჩინო იყოს?

– სიმსივნიანმა პაციენტებმა 2 თვის განმავლობაში შეუწყვეტლივ, კანაფის ზეთი დილა-საღამოს, ჭამის წინ 15 წუთით ადრე, სუფრის კოვზით უნდა მიიღონ. ამის შემდეგ, შეუძლიათ დოზა შეამცირონ, დღეში სამჯერ ჩაის კოვზით მიიღონ; ასევე, საკვებთან ერთად აუცილებლად უმად, თერმული დამუშავების გარეშე მიირთვან, ვთქვათ, მოასხან სალათას და სხვადასხვა საკვებს, ოღონდ, წყალის დაყოლების გარეშე. სიმსივნიან პაციენტებში ცნობილი და გავრცელებული მეთოდია კანაფის ზეთის საჭმელ სოდასთან ერთად კომბინირებული მოხმარება. ზოგიერთი მეცნიერის თვალსაზრისით საჭმელ სოდას სიმსივნის წინააღმდეგ თავის მხრივ მკვეთრი ზემოქმედების უნარი გააჩნია,  კანაფის ზეთთან კომბინირებული მოხმარება კი გაცილებით ეფექტურ შედეგს იძლევა.

 – კლასიკური მედიცინა იძლევა ასეთი მეთოდის გამოყენების რეკომენდაციას?

– ამ კუთხით ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს, ამ მეთოდის მომხრეების თვალსაზრისით სიმსივნიანი პაციენტების უმრავლესობას ორგანიზმში დარღვეული აქვთ მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ბალანსი, იგივე PH, რაც იმუნიტეტის მკვეთრ დაქვეითებას განაპირობებს. ხოლო საჭმელი სოდა ზრდის რა ტუტიანობას, ამით აფერხებს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას! ამავე ფუნქციას ასრულებს კანაფის ზეთში შემავალი ქლოროფილიც! ამიტომ, სოდის და კანაფის ზეთის კომბინირებული გამოყენება მოქმედების ეფექტს შეუდარებლად ზრდის. ინტერნეტში ზღვა მასალას შეხვდებით ასეთი მოსაზრების სასარგებლოდ. ასეთი თერაპია უარყოფით ეფექტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იძლევა, როდესაც პაციენტს მომატებული ტუტიანობა ახასიათებს, ასეთ შემთხვევაში სოდის გამოყენებას პაციენტი უნდა მოერიდოს, ან გასტრო-ენტეროლოგთან შეათანხმოს. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, მხოლოდ კანაფის ზეთის გამოყენება სრულიად უვნებელია!

 – პაციენტმა რანაირად შეიძლება კანაფის ზეთი და სოდა კომბინირებულად მიიღოს?

– მაგალითად, პაციენტებში გავრცელებულ ერთ მეთოდს აგიწერთ: დილით უზმოზე ერთ ჩაის კოვზ სოდას დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მოვურიოთ და დავლიოთ, როდესაც ნელ-თბილი გახდება. დალევიდან 40 წუთის შემდეგ მივიღოთ ერთი სუფრის კოვზი კანაფის ზეთი. ასე მოვიქცეთ 3-4 კვირის განმავლობაში. კურსის განმეორება შესაძლებელია 3 თვის შემდეგ, თუმცა შეგვიძლია გავაგრძელოთ კანაფის ზეთის მიღება სოდის გარეშე. როგორც ექიმი, ონკოლოგიურ პაციენტებს ვურჩევ, ყოველი შემთხვევისთვის, ასეთი თერაპიის კურსი პირად მკურნალ ექიმთან შეათანხმონ.

 – სად ვიშოვნოთ კანაფის ზეთი?

– იმპორტული კანაფის ზეთი საქართველოში მრავლად შემოდის და იყიდება სუპერმარკეტებში. ასევე, იყიდება აფთიაქებშიც. მისი ფასი მწირი ბიუჯეტის მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომია. ბოთლზე მიკრულ ეტიკეტზე წერია ზეთის შემადგენლობა, დამზადების ტექნოლოგია და შენახვის პირობები. როგორც ექიმი, რეკომენდაციას ვიძლევი მხოლოდ ცივი მექანიკური დაწურვის შედეგად მიღებულ ზეთზე, რომელსაც შენარჩუნებული აქვს სამკურნალო თვისებები.

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები