„პოლიციელების მხრიდან დანაშაულის ერთეული შემთხვევები დანარჩენ სამართალდამცველებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, ჩრდილს ვერ მიაყენებს“

მთავრობის სხდომა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  განაცხადა:

„პოლიციელების მხრიდან დანაშაულის ერთეული შემთხვევები დანარჩენ სამართალდამცველებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას, ჩრდილს ვერ მიაყენებს.

მკვლელობის საქმეში ორი პოლიციელი ფიგურირებს. 35 წლის დავით მუმლაძე 1 ოქტომბერს მოკლეს. ცხედარი მდინარე მტკვარმა რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა.

მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილ ხუთ პირს შორის, პოლიციის ორი თანამშრომელია. რა თქმა უნდა, ეს ძალზე მძიმე აღსაქმელია.

ერთეული შემთხვევები ვერ დაჩრდილავს იმ 40 ათასი ადამიანს, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, საკუთრებასა და მის ღირსებას.

კანონდამრღვევი ყველა პოლიციელისადმი მიდგომა იქნება ძალზე მკაცრი.

როდესაც დადასტურდება, რომ სამართალდამცველმა თავისი კოლეგების, მთლიანად სისტემის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ჩაიდინა დანაშაული, ჩვენ ბევრჯერ უფრო მკაცრები ვიქნებით და ჩვენი მიდგომა იქნება აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი.

შსს-ში ტარდება რეფორმა, რომელიც სისტემურ განახლებას გულისხმობს.

რაც შეეხება მკვლელობას, სასამართლომ ხუთ ეჭვმიტანილს პატიმრობა შეუფარდა, ერთი დამნაშავე კი ძებნაშია.

დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მუმლაძე თბილისში მოტყუებით ჩაისვა ავტომობილში, შემდეგ კი ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს გადასცა, რომლებმაც, თავის მხრივ, მუმლაძეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წაიყვანეს ქალაქ რუსთავში და დანაშაულის ორგანიზატორებს (წარსულში ნასამართლევ პირებს – რედ.) გადასცეს. სწორედ მათ მოკლეს მუმლაძე, რომელსაც დანით დაახლოებით 30 ჭრილობა მიაყენეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.

ამ დროისთვის მკვლელობაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირზე ძებნაა გამოცხადებული“.

 

კომენტარები