8 ოქტომბერი რადონეჟელ იღუმენის, საკვირველთმოქმედის – სერგის მიცვალების დღეა

ღირსი სერგი რადონეჟელი როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარნიცაში მცხოვრები კეთილმსახური ბოიარების, კირილესა და მარიამის ოჯახში დაიბადა 1314 წლის 3 მაისს. მისი ღვთისრჩეულობა ადრევე გაცხადდა: ჯერ კიდევ შვილის შობამდე საღვთო ლიტურგიის დროს დედამ და მთელმა ერმა ცხადად გაიგონეს ჩვილის სამგზისი წამოძახილი მშობლის საშოში.

ახალშობილს ბართლომე დაარქვეს. ყრმამ სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ყველა გააოცა თავისი მარხვით: ოთხშაბათს და პარასკევს დედის რძეს არ ეკარებოდა. ბავშვი არც მაშინ იღებდა დედისგან საკვებს, თუ მას ხორცი ჰქონდა ნაჭამი. როცა ეს შეამჩნია, მარიამმა საერთოდ აღიკვეთა ხორცეულის მიღება.

წმიდანი შვიდი წლის იყო, როცა სასწავლებლად მიაბარეს. მას მთელი არსებით სწყუროდა სწავლა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა: შეწუხებული ყრმა დაუცხრომლად ევედრებოდა უფალს, გონება გაეხსნა მისთვის. ერთხელ მამამ ბართლომე ცხენების საძებნელად მინდორში გაგზავნა.

გზად, მუხის ქვეშ მან ლოცვად დამდგარი უცნობი მღვდელ-მონაზონი შენიშნა, მიუახლოვდა, ქედი დადრიკა და მორჩილებით დაუწყო ლოდინი მოხუცის ლოცვის დამთავრებას. ბერმა აკურთხა ბავშვი, აკოცა და ჰკითხა, რა გასჭირვებოდა. ბართლომემ გაუმხილა თავისი სატკივარი – წერა-კითხვას ვერ ვსწავლობო და შეევედრა, უფლისგან შემწეობა გამოეთხოვა მისთვის. უცნობმა ბავშვს თხოვნა შეუსრულა – ილოცა, შემდეგ კი ჯვარი გადასახა და სანაწილიდან ამოღებული სეფისკვერის ნატეხი გაუწოდა: „გამომართვი, შვილო, და მიიღე. ეს ღვთის მადლის ნიშნად და წმიდა წერილის გულისხმისაყოფად გეძლევა“.

ამ დღიდან ყრმამ წერა-კითხვაც ისწავლა და წაკითხულის საოცარი ანალიზის უნარიც მიემადლა. იგი თავს არიდებდა ბავშვურ გართობებსა და თამაშობებს, გულმოდგინედ ლოცულობდა და მკაცრად მარხულობდა, თავმდაბალი, სიტყვაძვირი, მშვიდი და ალერსიანი ყრმა მშობლების ნების უსიტყვო აღმსრულებელიც იყო.

1422 წლის 5 ივლისს მღვდელმსახურთა დასის, დიდებულებისა და ხალხის სიმრავლის თანდასწრებით პატივით ამოასვენეს ნეტარი მამის ნაწილები. როცა კუბო გახსნეს, საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა ირგვლივ – არა მარტო ცხედარს, სერგი რადონეჟელის სამოსელსაც კი არ დასტყობოდა გახრწნის კვალი.

კომენტარები