„არავის ეხალისება,  ქორწილი აკრძალო“ – „როცა ტრანსპორტში ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია, კეთილი ვინებოთ, შენიშვნა მივცეთ“- ამირან გამყრელიძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით, ვიღაცას ნიღაბი არ უკეთია ან სწორად არ უკეთია, კეთილი ვინებოთ, მივცეთ შენიშვნა. ეს არაა შენიშვნა, ეს რეკომენდაციაა.

კონტროლთან ერთად რეკომენდაციების კუთხით თვითშეგნების გამოჩენაა საჭირო. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს. გვგონია,  ვიღაც შოლტით უნდა დაგადგეს. გინდა თუ არა, ამას რატომ არ ასრულებ. თვითშეგნება უნდა იყოს.

კორონავირუსული ინფექცია ორი-სამი თვის შემდეგ არსად გაქრება. არავის ეხალისება,  ქორწილი აკრძალო, პანდემიის პერიოდში ყველამ უნდა შევიგნოთ, ერთი წელი მოვითმინოთ. აგვისტოს ბოლოს ბათუმში უზარმაზარი ქორწილიდან გურიაში 8 შემთხვევა გვაქვს, კიდევ რამდენი იქნება, არ ვიცი. გართობა გვიყვარს ქართველებს, მაგრამ ცოტა ხანს მოვითმინოთ. იმ შემთხვევებს, რაც ახლა გვაქვს, ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს.

COVID19-ის შემთხვევების მიუხედავად, ამ დროისთვის აჭარაში ქალაქების ჩაკეტვა არ იგეგმება.

ზოგადად, ჩაკეტვების პოლიტიკა თანდათან მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთან უკვე აღარ არის დღის წესრიგში, რაღაც განსაკუთრებული თუ არ ხდება. დღეს მთლიანად, მთელ მსოფლიოში ინფექციის მართვა, არის ე.წ.ბალანსირებული პოლიტიკა.

ერთის მხრივ, ხდება ინფიცირებულთა სწრაფი იდენტიფიცირება, გამოვლენა, მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება და მართვა. მეორეს მხრივ, ეკონომიკური აქტივობების გაძლიერება, რადგან საჭიროა, დოვლათი შეიქმნას“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1325-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კომენტარები