რა მოხდება იმ შემთხვევაში, ნიკა მელია ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებაზეც უარს თუ იტყვის?

ამნისტიის პროექტი თანამშრომლობის შედეგად შემუშავდება და სამშაბათს დაინიცირდება. შემდეგ რეგლამენტით გათვალისწინებულია სამი მოსმენა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„ვერც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი ვერ შევა კონკურენციაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ბოლო პერიოდმა ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, და რომელი ჯგუფის ინტერესები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა მოცემულობა ადასტურებს „ქართული ოცნების“ საზოგადოებრივ ხედვას. ჩვენი ყველა ნაბიჯი მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. შეთანხმება ითვალისწინებს შესაბამის პუნქტებს, რომლებითაც „ქართული ოცნება“ გარკვეულ პატიებას უცხადებს ნიკა მელიას. ევროკავშირისთვის დამახასიათებელია ობიექტური მიდგომა, როდესაც ამნისტია ეხება ერთ სავარაუდო დამნაშავეს, იმავე მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია ეხება სხვა ადამიანებსაც.  დოკუმენტში გათვალისწინებულია დათქმა, –  19-20 ივნისის მოვლენების მონაწილე ყველა პირი, რომელიც შესაძლოა დანაშაულში ან გადაცდომაში იყოს მხილებული, მათ შორის ნიკა მელია, იქნება ამნისტირებული პარლამენტის მიერ. ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან პატიების შეთავაზება ყველა ამ პირისთვის. ამის საპასუხოდ ჩვენ ვხედავთ, – ნიკა მელია უარს ამბობს ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე. შესაძლებელია, მან ამნისტიის აქტზეც თქვას უარი, თუმცა ერთი რამ არის ცხადი. ეს იყო ნათელი ილუსტრირება იმისა, რომელი პოლიტიკური სუბიექტი ისწრაფვის რადიკალიზაციისკენ, ვის არ აინტერესებს ქვეყნის ბედი და რომელი პარტია არის ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე.

შეკითხვას, – რა მოხდება იმ შემთხვევაში, ნიკა მელია ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებაზეც უარს თუ იტყვის?

დავით მათიკაშვილმა განაცხადა:

-„ამნისტიის აქტს აქვს გასაჩივრების ინსტრუმენტიც და ნიკა მელიას შეუძლია ის გაასაჩივროს, მაგრამ ზოგადად, როდესაც ადამიანი რომელიმე დაწესებულებაში იმყოფება, მას იქ ყოფნის სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი უნდა ჰქონდეს“.’

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გირაოზე კვლავ უარი თქვა.

20 ივნისის საქმეებზე ამნისტიის შესახებ კანონი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია, რომელსაც პარტიებმა ხელი 19 აპრილს მოაწერეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
  • სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
  • რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
  • გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
  • გირჩი – მეტი თავისუფლებამ [ზურაბ ჯაფარიძე];
  • მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];

ინდივიდუალურად ხელი მოაწერეს სალომე სამადაშვილმა და დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლების მხრიდან – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები